BCG  - „ბოს“ ქალებს მსოფლიო ეკონომიკისთვის 12 ტრილიონი დოლარის მოტანა შეუძლიათ

საკონსალტინგო კომპანია Boston Consulting Group (BCG) ექსპერტების მონაცემებით, თუკი მსოფლიოს ყველა ქვეყანა კერძო კომპანიების მმართველობაში ქალების როლს გაზრდის, 2025 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტი 12 ტრილიონი დოლარით გაიზრდება.

დღესდღეობით დირექტორთა საბჭოებში ქალთა მონაწილეობის წილი 12 %-ია, თუმცა ქალები დირექტორთა საბჭოების მხოლოდ 4%-ს მართავენ, რაც მაღალი მაჩვენებელი არაა.

მიუხხედავად ამისა, ბოლო რამდენიმე წელია, რაც მსოფლიოში ე.წ. ბოსი ქალების რაოდენობა იზრდება. მაგალითად, „Fortune500“-ის სიის მიხედვით, რომელიც 500 უმსხვილეს ამერიკულ კორპორაციას აერთიანებს, 2021 წელს 41 კომპანიის მმართველად ქალი დაინიშნა. თუ რამდენად მზარდია ტენდენცია, ეს 2018 წლის მონაცემების მოყვანის დროს ჩანს, როცა მმართველად მხოლოდ 28 ქალი იქნა დასახელებული.

„ქალი ბოსების“ რაოდენობით ევროპის ქვეყნები ლიდერობენ. 2021 წლამდე პირველობას არ თმობდა შვედეთი, მაგრამ წელს მან ეს პოზიცია საფრანგეთსა და ნორვეგიას დაუთმო. საფრანგეთში კომპანიების მმართველობაში ქალების მონაწილეობის წილი 45%-ია, ნორვეგიაში - 40%, შვედეთში კი - 38%. ეს ამ ქვეყნების სამთავრობო პოლიტიკის შედეგია. მაგალითად, საფრანგეთსა და ნორვეგიაში შემოღებულ იქნა კვოტები, რაც კორპორაციებისთვის 40%-იანი ზღვარის დაწესებას გულისხმობს. ამავე ტაქტიკას მიმართა გერმანიამაც: დირექტორთა საბჭოს სამი ან მეტი წევრიდან მინიმუმ ერთი ქალი უნდა იყოს.

საკონსულტაციო კომპანია McKinsey&Company-ის მონაცემებით, კომპანიები, რომლებშიც მმართველი ქალების ოდენობა 30%-ს აღემატება, ეკონომიკურად 48%-ით წარმატებული არიან, ვიდრე ის კომპანიები, სადაც ეს მაჩვენებლი მხოლოდ 10 %-ია. McKinsey&Company-ის დასკვნა კოლუმბიის ბიზნეს-სკოლის მონაცემებმაც დაადასტურა - იმ კომპანიების ღირებულება, რომელშიც ტოპ-მენეჯერად თუნდაც ერთი ქალი მუშაობს, 40 მილიონი დოლარით მეტია, ვიდრე იმ კომპანიების, რომლებშიც ეს პოზიციები მამაკაცებს უკავიათ.

ავტორი: ლადო სულაბერიძე