ვინ არიან და რა ხელფასი აქვთ ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად 5 თანამდებობის პირს საქართველოში

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) სახელმწიფო კომპანიების საკადრო და სახელფასო პოლიტიკის გამოწვევების შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში.

კვლევის თანახმად, 2019 წელს სახელმწიფო საწარმოთა ზარალმა შეადგინა 237 მილიონი ლარი, თუმცა, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სახელმწიფო კომპანიებში არსებული ფინანსური პრობლემების მიუხედავად, საწარმოთა ყველა დარგის მიხედვით, შენარჩუნებულია თანამშრომელთა დასაქმების მზარდი ტენდენცია. კერძოდ, 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, თანამშრომელთა რიცხოვნობა გაზრდილია დაახლოებით 2%-ით.

„სახელმწიფო კომპანიების სახელფასო ხარჯების ზრდის ტენდენცია, უმეტესწილად შენარჩუნებულია კომპანიების არასახარბიელო ფინანსური შედეგების ფონზე. მაგალითად, სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში ხელფასის ხარჯი გაიზარდა 15%-ით, მაშინ როდესაც წლიური მოგება 40 მილიონით შემცირდა. შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში შრომის ანაზღაურების ხარჯები 2019 წელს გაზრდილია 8%-ით, მაშინ როდესაც კომპანიის ზარალი 85 მილიონს შეადგენდა,“- აღნიშნულია კვლევაში.

ანგარიშში მათ შორის, მოცემულია სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელების მიერ დეკლარირებული სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლები. კვლევის ავტორთა შეფასებით, დეკლარაციებში ასახული მონაცემები აჩვენებს, რომ სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელი პირები გამოირჩევიან მაღალი შრომის ანაზღაურებით. ამასთან, მათივე შეფასებით, მსგავს ანაზღაურებას კომპანიის ხელმძღვანელები ხშირ შემთხვევაში იღებენ, მათი მართველობის ქვეშ მყოფი სახელმწიფო კომპანიების არასახარბიელო ფინანსური შედეგების ფონზე.

სახელმწიფო კომპანიების 5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი დირექტორი და მათი 2019 წლის ხელფასი კი ასე გამოიყურება:

  • შპს ბათუმის აეროპორტის დირექტორი მუსტაფა ილთან ოქთემი - 287 357 ლარი;
  • სს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე - 237 231 ლარი;
  • სს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე - 216 479 ლარი;
  • სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე - 215 616 ლარი;
  • სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე/ რეაბილიტაციის მმართველი უჩა უჩანეიშვილი - 212 520 ლარი.
თაია არდოტელი