ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი უცხოელ ინვესტორებს ახალ პროექტებს სთავაზობს

ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი უცხოელ ინვესტორებს ახალ პროექტებს სთავაზობს.

პროექტების პრეზენტაცია 5 დეკემბერს, 13:00 საათზე, ვაგონმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე გაიმართება. ასევე მოხდება წარმოების დათვალიერება. ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან სამთავრობო, საკანონმდებლო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

"პროექტის ჭრილში განიხილება ცხლად მოთუთიების ხაზის აწყობა. საქართველოში პირველად დაინერგება ეს მეთოდი. წარმოებული იქნება საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი მოთუთიებული "ნაგვის ურნები", საწარმო იმუშავებს არა მხოლოდ აღნიშნული პროდუქციის წარმოებაზე, არამედ ელექტროგადამცემი ხაზების და მობილური ოპერატორების ანძების, საგზაო ნიშნების, ჯებირების, კიბეების და სხვა ტიპის ლითონების მოთუთიებაზე. აღნიშნული კონტეინერები დააკმაყოფილებს როგორც ქვეყანაში არსებულ მოთხოვნას, ასევე კონკურენტუნარიანი იქნება უცხოურ ბაზრებზე გასატანათაც, რაც თავისთავად გაზრდის ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობას ქვეყნის ეკონომიკაში.

ჰოლდინგს უკვე შერჩეული ჰყავს უცხოელი პარტნიორი, რომელის დახმარებითაც მოხდება აღნიშნული საწარმოს მანქანა დანადგარებით აჭურვა და თვით საწარმოო პროცესზე ზედამხედველობა.

მოთუთიების საწარმოს ტექნიკური აღჭურვილობისთვის მიმდინარეობს მანქანა-დანადგარების შეძენა. აღნიშნულ საწარმოში დამატებით დასაქმდება 100 თანამშრომელი, პროექტის საინვესტიციო ღირებულებაა 5 000 000$, აღნიშნული საწრმო პირველი პრდუქციის გამოშვებას 2015 წლის ივლისის თვიდან შეძლებს.  უახლოეს მომავალში 20 და 40 ფუტიანი უნივერსალური კონტეინერების წარმოება დაიწყება. გადაზიდვის კონიუქტურიდან გამომდინარე სახმელეთო თუ საზღვაო გადაზიდვებში ძალიან დიდი ადგილი უკვია აღნიშნულ კონტეინერებს, შესაბამისად ჰოლდინგმა გადაწყვიტა აღნიშული მიმართულების ათვისება.

ამ პროექტის განხორციელებისთვის უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება უცხოური კომპანიასთან, რომელიც დაგეგმავს და თავადვე დააპროექტებს საწარმოს. პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია არა მარტო აღნიშნული კონტეინერების წარმოება, არამედ, უკვე დაგეგმილია ფოთში, კონტეინერების კომპაქტური სარემონტო ბაზის მოწყობა, რაც კიდევ უფრო ეფქტურს და მოქნილს გახდის გადაზიდვების სისტემას. კონტეინერები ნაწარმოები იქნება ევროპული სტანდარტების დონეზე, იგი გათვლილია არა მხოლოდ ადგილობრივ მოთხოვნაზე, არამედ უცხოური ბაზრებისთვისაც. ჰოლდინგი აღნიშნულ სფეროში გეგმას დამატებით 200 ადამიანის დასაქმებას, პროექტის ღირებულება 4 000 000 – 5 000 000 მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობს.

გარდა ზემოაღნიშნული პროექტებისა, ჰოლდინგი მუშაობს სამგზავრო და სატვირთო ლიფტების წარმოების პროექტზე, ღვინის შესანახი ცისტერნების წარმოების, ჩაის და ხილის საკონსერვო გადამუშავებელი ქარხნის პროქტზე. ქარხანა 132 წლიან ისტორიას ითვლის, ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი 2005 წელს დაფუძნდა. ჰოლდინგში გაერთიანებულია სამი საწარმო, რუსთავის ვაგონმშენებელი კომპანია, თბილისის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა და რუსთავის მეტალურგიული კომბინატი. პირველი ორი გიგანტი საწარმო ერთადერთია ამიერკავკასიაში სარკინიგზო ვაგონების შეკეთებასა და რემონტის დარგში.

საქართველო მესამე ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც აწარმოებს ახალ სატვირთო და სამგზავრო ვაგონებს, ასევე ახორციელებს ელექტროვაგონების რემონტსა და მოდერნიზაციას.

კომპანია ყოველწლიურად დამატებით ითვისებს ახალი ტიპის სატვირთო ვაგონების ლიცენზიებს. 2014 წლის სექტემბერში საერთაშორისო საბჭოზე მიიღეს გადაწყვეტილება და ჰოლდინგს 5 ახალი ტიპის ვაგონის წარმოების ლიცენზია მიენიჭა. მსგავსი წინგადადგმული ნაბიჯები ბუნებრივია, ჰოლდინგს დამატებით ახალი დაკვეთების მოძიებაში დაეხმარება. უკვე არსებული კონტრაქტებით, ჰოლდინგში მიმდინარეობს ახალი ტიპის ვაგონების წარმოება, ლიცენზიები მოპოვებულია და უკვე წარმოებულია ახალი ტიპის ვაგონები, ესენია ჩქაროსნული სამგზავრო და სატვირთო ვაგონები, ხორბალმზიდები, ვაგონცისტერნები, ნახევარვაგონები, ცემენტმზიდები და კონტრეილერმზიდები.

ასევე ჰოლდინგის მნიშვნელოვანი პროექტია ჩქაროსნული ელექტომატარებელი, რომელიც თბილისი-ბათუმის მიმართულებით დადის. ქარხნის ძირითადი დამკვეთებია საქართველოს რკინიგზა, სომხეთის, აზერბაიჯანის თურქმენეთის, ყაზახეთის, რუსეთის სარკინიგზო ორგანიზაციები და სხვა კერძო კომპანიები. კომპანია აქტიურადაა ჩართული სოციალურ პროგრამებში. ჰოლდინგში სულ დასაქმებულია 2000 ადამიანი. ვაგონმშენებელ ჰოლდინგს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის აღმშენებლობაში. იგი ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელია ბიუჯეტში.

ჰოლდინგი დღემდე სარგებლობს საბანკო საკრედიტო პროდუქტებით. ზემოთხსენებული პროექტების განსახორციელებლად ჰოლდინგი გეგმავს ჩაერთოს სახელმწიფო პროგრამაში "დამზადებულია საქართელოში" - ეს ფაქტი მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ჰოლდინგისთვის და კიდევ უფრო რეალურია, მოხდეს პროექტების დროულად განვითარება. ქარხანა ერთადერთია ამიერკავკასიაში, რომელიც სატვირთო და სამგზავრო ვაგონებით აწარმოებს ექსპორტს სხვადასხვა ქვეყნებში. დარგი თავის მხრივ ხელს უწყობს ადგილობრივი სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის განახლებას. ქვეყნის ფარგლებში და მეზობელ სახელმწიფოებში მგზავრთა კომფორტულ გადაყვანას.

უახლოეს მომავალში ჰოლდინგი, თავისი ახალი პროექტებით დასაქმებულთა რიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდასაც გეგმავს", - აცხადებენ ვაგონმშენებელთა ჰოლდინგში.