სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები საბიუჯეტო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ

სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები საბიუჯეტო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ, რომელიც სახაზინო რეფორმის განხორციელებას ისახავს მიზნად.

მათი შეფასებით, აღნიშნული ცვლილებებით, საფრთხის წინაშე დგება უნივერსიტეტების დამოუკიდებლობა. საკითხს მეორე მოსმენით პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი იხილავს, რომელშიც ილიას უნივერსიტეტის, სამედიცინო უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.

საბიუჯეტო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მიზნად ისახავს ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში ყველა დონის ბიუჯეტის, ყველა სახელმწიფო ორგანიზაციის შემოსულებების და გადასახდელების მოქცევას. პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, ეს ეხება ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობების საბიუჯეტო სახსრებს, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო იურიდიული პირების ბიუჯეტებს, რომლებიც ჯერ კიდევ მოქმედი კანონის გათვალისწინებით, ფინანსებს კომერციული ბანკების მეშვეობით განკარგავენ.

როგორც ილიას უნივერსიტეტის წარმომადგენელი დავით აფრასიძე განმარტავს, მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებები ხელს უშლის უნივერსიტეტების მთავარ რეფორმას – მათ დამოუკიდებლობას და ავტონომიურობას. აფრასიძის თქმით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, აკადემიური პერსონალი და თავად სტუდენტები უნდა წყვეტდნენ, თუ სად უნდა იყოს განთავსებული უნივერსიტეტის ფინანსები და ხარჯვა მხოლოდ ხაზინის გავლით არ უნდა ხორციელდებოდეს.