ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2,910 მლრდ ლარის სესხი გაიცა, სადაც სახელმწიფოს თანადაფინანსება 415 მლნ ლარი იყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2, 910 მლრდ ლარის სესხი გაიცა, სადაც სახელმწიფოს თანადაფინანსება 415 მლნ ლარი იყო.

როგორც დავითაშვილმა პარლამენტში, “მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლის დროს განაცხადა, უნივერსალური პროექტია შეღავათიანი აგროკრედიტი, რაც გულისხმობს ყველა დარგის თანაბარწილად დაფარვას სოფლის მეურნეობის და სასურსათო პროდუქციის წარმოების კუთხით.

“აქ 2,910 მლრდ ლარის სესხი გაიცა, სადაც სახელმწიფოს თანადაფინანსება იყო 415 მლნ ლარი, კონკრეტული საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირების კუთხით. რომ არა ეს ინსტრუმენტი, წინა წლებში, საბანკო სექტორიდან დაფინასება არ არსებობდა. პირველად წარმოებასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, ღირებულებათა ჯაჭვის ყველა ელემენტში დახმარება. ხშირ შემთხვევაში, იმის გამო, რომ რომ შევავსოთ კაპიტალის დეფიციტი და ის ვაკუუმი, რაც ამ პერიოდში წარმოიშვა მოსახლეობის ფინანსური ან სოფლის მეურნეობაში ჩართული სუბიექტების შესაძლებლობების კუთხით, ჩვენ დავიწყეთ კონკრეტული ვერტიკალური ინტერვენციები, რომელიც გულისხმობს საგრანტო თანადაფინანსებებს. როგორც წესი, 1 ლარი არის 3-4 ლარის კერძო ინვესტიციის მიმზიდველი ბერკეტი. უნდა აღვნიშნოთ, რომ 2015-2021 წლის მიმდინარე პერიოდამდე, 103 ახალი საწარმო შეიქმნა საგრანტო დაფინანსებით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.