ფქვილის სუბსიდირების პროგრამა შესაძლოა, გაგრძელდეს - „საჭირო იქნება, გაიზარდოს სუბსიდიის მოცულობაც“

ფქვილის სუბსიდირების პროგრამა 31 მარტს სრულდება, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ის კიდევ 2 თვით გაგრძელდეს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მწარმოებლებსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის შეხვედრა უკვე შედგა. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „მეხორბლეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ლევან სილაგავა აცხადებს, არსებული შიდა და გარე ფაქტორების გამო, საჭირო იქნება, სუბსიდიის მოცულობის გაზრდაც.

ლევან სილაგავამ იმ ფაქტორებზეც ისაუბრა, რამაც იანვრის შემდეგ, ფქვილის ფასის მატება გამოიწვია და რის გამოც, სავარაუდოდ საჭირო იქნება, სუბსიდიის მოცულობის ზრდა.

,,პროგრამის ეს ეტაპზე 31 მარტს იწურება. გვქონდა შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში, რომელსაც ფქვილის მწარმოებლები, კომბინატები, პურის მწარმოებლები ესწრებოდნენ. შესაბამისად, იქ განხილული იქნა ყველა საკითხი დეტალურად და ითქვა, რომ 1 ან 2 თვე სავარაუდოდ კვლავ გაგრძელდება სუბსიდირების პროგრამა.

ჩვენ ზუსტად არ ვიცით, გაზრდის თუ არა სამინისტრო სუბსიდირების მოცულობას, თუმცა ბაზარზე იანვრის შემდეგ ნამდვილად ბევრი რამ არის შეცვლილი. ორი მთავარი გამოწვევა შიდა ბაზარზე მოხდა, რამაც თვითღირებულებაზე იმოქმედა, ერთი ეს არის ელექტროენერგიის კომერციული ტარიფის ზრდა. ხოლო მეორეა 1-ლი იანვრიდან ამოქმედებული დღგ-ს გადახდის ახალი წესი, რითიც სუბსიდირების თანხაც იბეგრება. გარე ბაზარზე კი, რუსეთმა გაზარდა საბაჟო ტარიფი, ამასთან, გაზრდილია ხორბლის ღირებულება მსოფლიო ბაზარზე.

ასე რომ, ეს ყველა ფაქტორი ეფექტია ფქვილის გაძვირებაში. ამ ყველაფრის გამო, სავარაუდოდ საჭირო იქნება, გაიზარდოს სუბსიდიის მოცულობა, რადგან სახელმწიფოს გაცხადებული პოზიციაა, რომ ყოველდღიური მოხმარების პურზე ფასი არ უნდა გაიზარდოს. ახლა დაითვლის თვითონ სამინისტრო, რამდენი ლარით იქნება საჭირო დასუბსიდირება.

ახლა თავისუფალ ბაზარზე 1 ტომარა ფქვილის ფასი 68-69 ლარია, თუმცა გაძვირებული ხორბლის შემოსვლის შემდეგ სავარაუდოდ, ფასი 72-74 ლარი იქნება. ანუ თავისუფალ ბაზარზე ფასები მზარდია. როგორი იქნება სახელმწიფოს გადაწყვეტილება, რომელ სეგმენტს დაასუბსიდირებს და ა.შ. ეს 31 მარტამდე გაირკვევა. ფაქტია, კომბინატებს უნდა ჰქონდეთ ინტერესი ტენდერში მიიღონ მონაწილეობა“, - განაცხადა ლევან სილაგავამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

შეგახსენებთ, ფქვილის სუბსიდირების მეორე ეტაპი საქართველოში 31 მარტს მთავრდება. სახელმწიფო ბიუჯეტი 1 ტომარა ფქვილზე 15 ლარის სუბსიდიას იხდის.

თამარ მუკბანიანი