სახელმწიფო საგარეო ვალი წლიურად 2,151 მლრდ-ით, თვიურ ჭრილში კი 35,484 მლნ დოლარით გაიზარდა

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 2,151 მლრდ დოლარით გაიზარდა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი შეადგენს 7,825 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 26,023 მლრდ ლარს). 2020 წლის თებერვლის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 5,673 მლრდ დოლარი იყო (მაშინდელი კურსით 15,832 მლრდ ლარი). თვიურ ჭრილში კი სახელმწიფო საგარეო ვალი 35,484 მლნ დოლარით გაიზარდა, კერძოდ, მიმდინარე წლის იანვრის მდგომარეობით ვალის მოცულობა - 7,789 მლრდ დოლარი იყო.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD). კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 906,425 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 1,147 მლრდ დოლარს, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - 1,723 მლრდ დოლარს აჭარბებს.

თაია არდოტელი