ბაიდენი Nord Stream 2 AG-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შესაძლოა, სანქციები დაუწესოს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ პროექტში მონაწილე კომპანია Nord Stream 2 AG-ს, რომელიც ამ პროექტის მშენებელი ოპერატორი კომპანიაა. ამის შესახებ ცნობას Bloomberg წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სანქციების ახალი პაკეტი ანგარიშის სახით იქნება წარმოდგენილი. Nord Stream 2 AG-სთან ერთად სანქციები შეეხება პროექტის დამზღვევ და სხვა ცალკეულ კომპანიებს, რომლებიც გაზსადენზე მომუშავე ხომალდებთან თანამშრომლობენ.

Nord Stream 2 AG-ისთვის სანქციების შესაძლო დაწესების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჯერ კიდევ 10 მარტს კონგრესში საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მან შეახსენა კონგრესმენებს, რომ პროექტში მონაწილეობაზე 18-მა კომპანიამ თქვა უარი.

ხუთშაბათს ბლინკენმა კიდევ ერთხელ მოუწოდა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტში მონაწილე კომპანიებს, შეწყვიტონ სამუშაოები.

„ნებისმიერი კომპანია, რომელიც ჩართული იქნება ამ პროექტში, ამერიკული სანქციების რისკის ქვეშ დადგება“, - განაცხადა ბლინკენმა.

კოკა კვირკველია