„დროებით შევაჩერებდი ვაქცინაციის პროცესს - ურიგო არ არის ამაზე კიდევ იფიქროს სამინისტრომ“

„დროებით შევაჩერებდი ვაქცინაციის პროცესს - ურიგო არ არის ამაზე კიდევ იფიქროს სამინისტრომ,“-ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტმა, მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა ვილი პაჭკორიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„გუშინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ ვაქცინით ვაქცინაცია გაგრძელდეს, თუმცა, მე კოლეგებისგან განსხვავებული აზრი მაქვს. პირადად მე, დროებით შევაჩერებდი პროცესს. ამიტომ ურიგო არ არის ამაზე კიდევ იფიქროს სამინისტრომ. სანამ ბოლომდე არ შევისწავლით რასთან გვაქვს საქმე, რა მოხდა, ვფიქრობ, დროებით შევაჩერებდი ვაქცინაციის პროცესს,“-აღნიშნა პაჭკორიამ.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი გუშინ განუვითარდა. ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. ის თბილისში, გვიან ღამით გადმოიყვანეს და დღეს დილას, გარდაიცვალა. შსს-მ საქმეზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. ამასთან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში: ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა.

თაია არდოტელი