„რეგულაციები, რომელიც ბიზნეს-გარემოში ინფექციის კონტროლის მიზნებისთვის არის, გადახედვას არ ექვემდებარება, რადგან ეპიდემიურ რეჟიმში ცხოვრება კიდევ დიდხანს მოგვიწევს"

რეგულაციები, რომელიც ბიზნეს-გარემოში ინფექციის კონტროლის მიზნებისთვის არის, გადახედვას არ ექვემდებარება, რადგან ეპიდემიურ რეჟიმში ცხოვრება კიდევ დიდხანს მოგვიწევს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა დასმულ შეკითხვას ბიზნეს-გარემოს მიმართ ვირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების შემცირებასთან დაკავშირებით.

თამარ გაბუნიას განმარტებით, ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი შეზღუდვა მოიხსნა, შემდეგი შეზღუდვები კი, ეპიდემიოლოგიური სურათის მიხედვით მოიხსნება.

„რაც შეეხება იმ რეგულაციებს, რომელიც ბიზნეს-გარემოში ინფექციის კონტროლის მიზნებისთვის არის, გადახედვას არ ექვემდებარება, რადგან ეპიდემიურ რეჟიმში ცხოვრება კიდევ დიდხანს მოგვიწევს, სულ მცირე, დაახლოებით, წელიწადნახევარი მაინც. აქედან გამომდინარე, ბიზნეს-გარემოში ეს არის ის სტანდარტული რუტინა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. ამ შემთხვევაში, როდესაც ვსაუბრობთ, ზოგადად რეგულაციების მოხსნაზე, გარკვეული მოსაზრებებიდან გამომდინარე მცირე შეზღუდვები რჩება, რაც ისევ ეპიდემიოლოგიური მიზნებიდან გამომდინარეობს. ამდენად, აქ, ეტაპობრიობა და ეპიდემიური კონტროლი აუცილებლად შენარჩუნდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.