ბაიდენის მრჩევლები ეკონომიკის სტიმულირების 3-ტრილიონიანი დოლარის ახალ პაკეტზე მუშაობენ

გაზეთი The New York Times წერს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩეველები ამერიკის ეკონომიკის სტიმულირების გეგმაზე მუშაობენ. ვარაუდობენ, რომ ეს გეგმა მეცნიერების, განათლებისა და კლიმატის ცვლილების პრობლემებისთვის 3-ტრილიონიანი დოლარის ახალი პაკეტის გამოყოფას ითვალისწინებს.

გაზეთის ცნობით, გეგმა უკვე რამდენიმე თვეა, რაც განიხილება და მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტს მას მიმდინარე კვირას წარუდგენენ. ქვეყნის პირველ პირს ურჩევენ, რომ აღნიშნული ზომები ცალკეული კანონპროექტების სახით მიიღოს და კანონმდებლებთან მის ერთდროულად შეთანხმებას არ შეეცადოს.

პაკეტის ამ კომპლექტში შევა ამერიკის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებიც. ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ მიმართულებას მოხმარდება ის ფინანსური სახსრები, რომლებსაც „მდიდრების გადასახადებიდან“ ამოიღებენ. თუმცა ამ 3-ტრილიონიანი დოლარის პაკეტში ბევრი დეტალი ჯერ შეუთანხმებელია.

საგაზეთო პუბლიკაციის მიხედვით, პროექტი ამერიკის სატრანსპორტო სისტემის, ინტერნეტის, მეხუთე თაობის მობილური კავშირისა და ენერგოსისტემების განვითარებასაც შეეხება. პროექტში მოქალაქეების პროფესიული გადამზადების პროგრამებიც შევა. ბაიდენის მრჩეველები ვარაუდობენ, რომ ეს ყველაფერი ქვეყანაში შრომითი წარმოების გაზრდას ხელს შეუწყობს.

The New York Times-ის მასალაზე კომენტარი თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ ფსაკიმ გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ „განიხილება მთელი რიგი პოტენციური ზომები“, რომლებიც მოსახლეობის მხარდაჭერისკენ და ამერიკის საგადასახადო სისტემის ცვლილებისკენ იქნება მიმართული. მისი თქმით, ამ ეტაპზე ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია მხოლოდ სპეკულაციაა.

როგორც ცნობილია, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მარტის დასაწყისში ხელი მოაწერა ეკონომიკის სტიმულირების 1,9-ტრილიონიანი დოლარის პაკეტს. პაკეტი უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ 400 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. დაახლოებით, 1 ტრილიონი დოლარი მოსახლეობას უნდა დაურიგდეს, დანარჩენი კი ეკონომიკის სტიმულირებას მოხმარდება.

კოკა კვირკველია