სმარტფონების კომპანია Xiaomi ელექტრომობილების წარმოებას იწყებს

ჩინური სმარტფონების კომპანია Xiaomi ელექტრომობილების წარმოებას გეგმავს. კომპანია პირველი ელექტრომობილის გამოშვებას 2023 წლისთვის აპირებს. ამის შესახებ Reuters-ის პეკინის ბიურო ინფორმაციას ჩინური კომპანიის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

Xiaomi ელექტრომობილს Great Wall Motor-ის ქარხანაში ააწყობს. აღსანიშნავია, რომ Reuters-ის ინფორმაციის გავრცელების შემდეგ Xiaomi-ის აქციების ფასმა 9%-ით მოიმატა, ხოლო ავტომწარმოებელი Great Wall Motor-ის ჰონგ კონგის აქციების ფასმა 15%-ს გადააჭარბა, შანხაიში კი მაქსიმალურ დღიურ ლიმიტს - 10%-ს მიაღწია. Great Wall Motor, რომელსაც მანამდე საწარმოო მომსახურება არც ერთი კომპანიისთვის არ შეუთავაზებია, მზადაა პროექტის დაჩქარების მიზნით Xiaomi-ს საინჟინრო კონსულტაციები გაუწიოს. ორივე კომპანია პარტნიორობის შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთებას შემდეგი კვირის დასაწყისში გეგმავს.

ელექტრომობილების გამოშვებით Xiaomi-ს სურს სმარტფონების ბიზნესიდან თავისი შემოსავლების დივერსიფიკაცია მოახდინოს, რადგან სმარტფონებიდან კომპანიის მოგების მარჟა დიდი არაა. ამის მთავარი მიზეზი მსოფლიო ბაზარზე ჩიპების დეფიციტი და მათი ფასების ზრდაა. ორი კომპანიის პარტნიორობა განაპირობა იმანაც, რომ ტექნოლოგიური ფირმებისა და ავტომწარმოებლების თანამშრომლობა უკვე ტენდენციაა, რომლის მიზანიცაა ე.წ. ჭკვიანი მანქანების შექმნა „ჭკვიანი კაბინითა“ და ავტონომიური მართვით. ასეთი თანამშრომლობის ერთ-ერთი მაგალითია ჩინური საძიებო სისტემის პროვაიდერ Baidu-სა და ავტომწარმოებელ Geely-ის პარტნიორობა. Reuters-ი წერდა, რომ ელექტრომობილების შექმნის ამბიცია Apple-ს და Huawei-საც აქვთ.

Great Wall Motor-ი ჩინეთში პიკაპების მსხვილი მწარმოებელი კომპანიაა და ქალაქ ბაოდინშია განთავსებული, თუმცა გერმანულ ავტოკონცერნ BMW-სთან ერთად ელექტრომობილების ქარხანას პეკინშიც აშენებს. P-სერიის პიკაპებისა და Ora-ს ელექტრომობილების პოპულარობის შედეგად კომპანიამ გასულ წელს 1,11 მლნ ავტომობილი გაყიდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ