„მომავალ კვირას, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის ფერდობზე უახლესი მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდება, რომელიც ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდებას უზრუნველყოფს"

დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მომდევნო კვირაში ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის ფერდობზე უახლესი მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდება, რომელიც ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდებას უზრუნველყოფს.

ამასთან, როგორც ბენდელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, უპირველესად, ფერდობს მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში ბუნებრივი მდგომარეობა უნდა დაუბრუნდეს და გაკეთდეს დროებითი წინაღობა, რათა მეწყრის მოძრაობა შემცირდეს.

„სამუშაო ჯგუფში ჩართული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობით დაიდო პირველადი გეგმა და ვიწყებთ კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას.

პირველ რიგში, ჩვენი ამოცანაა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ფერდს, მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დავუბრუნოთ ბუნებრივი მდგომარეობა, გავაკეთოთ დროებითი წინაღობა, რათა მეწყრის მოძრაობა შევამციროთ. ასევე, მომავალ კვირის ბოლოს, დამონტაჟდება უახლესი მონიტორინგის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დამატებითი ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდებას. ამის შემდეგ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, დავიწყოთ მეწყრული ფერდის გამაგრებითი სამუშაოები.

რაც შეეხება მოსახლეობის უსაფრთხოებას, ამ ეტაპზე ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს, ექსპერტებისა და სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, მაგრამ თუ საფრთხე შეიქმნება, დაუყონებლივ იქნება მიღებული პრევენციული ზომები. რაც მთავარია, ჩვენ გვაქვს მუდმივი, უწყვეტი კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან და მათ აქვთ ყველა ინფორმაცია არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ბენდელიანმა.