შსს-ს მომსახურების სააგენტოში რიგებია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რიგებია.

სააგენტოს ძირითად შენობაში თეორიული გამოცდის ჩაბარების მსურველთა ნაკადი არ წყდება. ამის მიზეზი, როგორც რიგში მდგომი მოქალაქეები აცხადებენ, 15 დეკემბრიდან ახალი 3D ბილეთების შემოღებაა, რაც მძღოლების თქმით, გაცილებით გაართულებს თეორიის ჩაბარებას. როგორც მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, ყველა სტრუქტურულ ერთეულში მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე განცხადების მიღება ნაცვლად 16:30 საათისა, იწარმოებს 15:00 საათამდე, რათა თითეულმა მსურველმა შეფერხების გარეშე შეძლოს პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა.

სააგენტოში უარყოფენ ინფორმაციას იმის თაობაზე თითქოს ბილეთები გართულებულია, რადგან ახალ ბილეთებში დახვეწილია როგორც კითხვის შინაარსი, ასევე ფორმა და ვიზუალური მხარე, გამოყენებულია სიტუაციის აღმწერი ვიდეორგოლები. მათივე ინფორმაციით, ბილეთების აღქმის გასაიოლებლად გამოყენებულია საქართველოს ავტომაგისტრალების, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ქუჩების ფოტო-ვიდეო მასალა. ამასთან, ელექტრონული ტესტირებისას მეტი თვალსაჩინოებისათვის შესაძლებელია საგზაო მოძრაობის კონკრეტული ელემენტის ახლო მანძილიდან დანახვა.