"საქართველოს ბანკმა" "პრივატბანკი" შეისყიდა

"საქართველოს ბანკი" "პრივატბანკის" შესყიდვისა და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც "საქართველოს ბანკში" აცხადებენ, უკრაინულ "პრივატბანკთან" გაფორმდა შეთანხმება მისი ქართული შვილობილის - სს "პრივატბანკის" (მთლიანი აქტივების მიხედვით საქართველოში სიდიდით მე-9 ბანკის) 100% აქციების შესყიდვის შესახებ. დღესვე, "საქართველოს ბანკმა" განაცხადა მისი ჰოლდინგური კომპანიის მიერ 3.59 მლნ ახალი აქციის ემისიის თაობაზე, რის შედეგადაც მოხდა 114 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვა. ხსენებული განთავსებიდან მოზიდული კაპიტალის ნაწილი მოხმარდება საქართველოს ბანკის მიერ "პრივატბანკის" 100%-იანი წილის შესყიდვას, 51 მლნ აშშ დოლარად.

როგორც "საქართველოს ბანკში" აცხადებენ, "პრივატბანკის" შეძენა შესაძლებლობას მიცემს "საქართველოს ბანკს", კიდევ უფრო გაამყაროს მისი წამყვანი პოზიცია საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებით. ხსენებული შესყიდვის შედეგად, "საქართველოს ბანკის" საბაზრო წილი ფიზიკური პირების სესხების მიხედვით 5.3%-ით, ხოლო ფიზიკური პირების დეპოზიტების მიხედვით 2.6%-ით გაიზრდება. კიდევ უფრო გაიზრდება "საქართველოს ბანკის" მომსახურების ქსელიც, ვინაიდან "პრივატბანკი" საქართველოს მასშტაბით 93 ფილიალს ფლობს. შესყიდვა ასევე პოზიტიურად აისახება საქართველოს ბანკის გადახდების ბიზნესზე "პრივატბანკის" მფლობელობაში არსებული ბანკომატების (429) და POS ტერმინალების (1,929) შემოერთებით.