ლევან დავითაშვილი"ნამახვანჰესზე" - მთავარია მივიღოთ პროექტი, რომელიც საზოგადოების ინტერესებს მაქსიმალურად უპასუხებს

თუ არ გვინდა პოლიტიკური სპეკულირება და სპექტაკლების დადგმა, მაშინ კონკრეტულ კითხვებზე სპეციალისტებმა გასცენ პასუხი, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებით მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს.

„მთავარია საბოლოოდ მივიღოთ ისე პროექტი, რომელიც ქართული საზოგადოების ინტერესებს მაქსიმალურად უპასუხებს. პროცესში ჩართული არიან ის სამოქალაქო საზოგადოება და ექსპერტები, ვისაც ამ ქვეყანაში აზრი მოეკითხება. თუ თემატურ დიალოგზე ვსაუბრობთ და არ გვინდა პოლიტიკური სპეკულირება და სპექტაკლების დადგმა, მაშინ ვსაუბრობთ, რომ კონკრეტულ კითხვებზე სპეციალისტებმა გასცეს პასუხი. თუ ჩვენ გვინდა, პოლიტიკოსების მონაწილეობით თოქ-შოუების გამართვა, მაშინ სხვა საკითხია. მოსახლეობა ამბობდა, რომ მათთვის სანდო ექსპერტები ყოფილიყვნენ ჩართული პროცესებში. ვთქვით, რომ არა კომპანიამ მოახდინოს დამატებითი შესწავლის და ანალიზის დაფინანსება, არამედ სახელმწიფომ, იმისთვის რომ გამოირიცხოს მიკერძოება. პროექტი განხორციელდება, ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია. ანალიზიც საკმაოდ ადეკვატურია გაკეთებული”,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, ძირითადი მსხვილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მხოლოდ პროცესების კარგად გაანალიზების შემდეგ დაიგეგმება.

„საუბარია, რომ ორი თვის განმავლობაში გარკვეული გეგმა შემუშავდეს, რა მიმართულებით იქნებიან ექსპერტები და ორგანიზაციები ჩართულები. არ ვგულისხმობთ, რომ ორ თვეში ყველა საკითხი იქნება შესწავლილი და ვერც იქნება, რადგან არის ბევრი საკითხი, რომელიც საჭიროებს დეტალურ ანალიზს”,- აღნიშნა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა "ნამახვანი ჰესის" პროექტთან დაკავშირებით პროფილურ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.