გიორგი ქადაგიძე: ქვეყნის ფინანსურ და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება

ქვეყნის ფინანსურ და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე მტკიცებით, ამის გარანტი ეროვნული ბანკია. "მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყნის ფინანსურ და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ამის გარანტია ეროვნული ბანკი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ამის შესახებ და არა მხოლოდ გვითქვამს, საქმით დაგვიდასტურებია გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი შოკების დროს", - აღნიშნა ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის გაუფასურების მიზეზებად როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორებს ასახელებს. "ეროვნული ვალუტის გაუფასურებას აქვს როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორებით გამოწვეული მიზეზები. ბოლო 7 წლის განმავლობაში ისტორიულად გამყარებულ დოლართან ერთად ადგილზე გვაქვს შიდა სავალუტო შემოდინებების ძირითადი წყაროების შესუსტება. ამავე დროს, ჩვენი გათვლებით, ეს დისბალანსი უკვე აღმოფხვრილია და უკვე ასახულია ლარის გაცვლით კურსში. რაც შეეხება იმ პროცესებს, რომლებსაც ჩვენ ვაკვირდებით ბოლო დღეების განმავლობაში, ის დიდწილად გამოწვეულია ბაზრის მონაწილეების აჟიოტაჟური ქცევით, რაც ზოგადად დამახასიათებელია ამ დროს ფინანსური ბაზრებისთვის", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

მისივე განმარტებით, ბაზრის ის მონაწილეები და მოქალაქეები, რომლებიც იღებენ ან მიიღებენ იმპულსურ გადაწყვეტილებებს კონვერტაციასთან დაკავშირებით, როგორც წესი, ყოველთვის ზარალდებიან. "ყველა გაუფასურებას მოსდევს გამყარება, ამიტომ ბაზრის ის მონაწილეები და მოქალაქეები, რომლებიც იღებენ ან მიიღებენ იმპულსურ გადაწყვეტილებებს კონვერტაციასთან დაკავშირებით, როგორც წესი, ყოველთვის ზარალდებიან", - აღნიშნა ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, მათი მთავარი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა.