საფრანგეთის ხელისუფლებამ ტურიზმის მხარდასაჭერად 26 მილიარდი ევრო გამოყო

საფრანგეთის ხელისფლებამ ტურიზმის სექტორის საწარმოებს ფინანსური დახმარების სახით 26 მილიარდი ევრო გამოუყო.

საგარეო უწყების სახელწმიფო მდივნის ჟან-ბატისტ ლემუანის განცხადებით, 26 მილიარდიდან 11 მილიარდი ევრო სახელმწიფო გარანტიებით გაცემული საბანკო კრედიტია, ხოლო 6 მილიარდი სუბსიდიების სახით გაიცემა კომპანიებზე, რომლებმაც სახელმწიფო შეზღუდვების გამო საქმიანობა შეწყვიტეს.

„ზაფხულის სეზონს დიდი იმედით ველოდებით. ვაქცინაციას სწრაფად დავასრულებთ და ივნისის ბოლოს უკვე 30 მილიონი ვაქცინირებული მოქალაქე გვეყოლება. გრძელვადიანი კარანტინის შემდეგ ალბათ, ბევრი ადამიანი მოისურვებს სუფთა ჰაერის ჩაყლაპვას. მოვუწოდებ ფრანგებს, რომ წელს დასასვენებლად საფრანგეთი აირჩიონ,“ - განაცხადა ლემუანმა.

ამასთან, სახელმწიფო მდივანმა ფრანგებს მოუწოდა, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ხელახალ რეგულაციებს, რომელიც ხვალიდან უნდა ამოქმედდეს. ლემუანის თქმით, ეს აუცილებელია, რათა „წლევანდელი ზაფხული გადარჩეს“ და რესტორნებმა და სხვა დაწესებულებებმა მუშაობა გარანტირებულად განაახლონ.

„მაისის შუა რიცხვებიდან ობიექტები ნაბიჯ-ნაბიჯ გაიხსნება, ეს კი ჩვენი მოქალაქეებისგან წესების დაცვას მოითხოვს, რომ ნორმალურ ცხოვრებას მალე დავუბრუნდეთ,“ - განაცხადა ჟან-ბატისტ ლემუანმა.

საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შემცირების მიზნით, საყოველთაო კარანტინი მესამედ გამოცხადდა. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ 3 აპრილიდან, მინიმუმ 3 კვირის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლები დაიხურება და ონლაინ-რეჟიმზე გადავა. დაიხურება, აგრეთვე, მეორეხარისხოვანი მაღაზიები, მოქალაქეებს კი, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, საკუთარი სახლებიდან 10 კილომეტრზე მეტი რადიუსით გადაადგილება აეკრძალებათ. ძალაში დარჩება კომენდანტის საათი, რომელიც ყოველ დღე 19:00 საათიდან მოქმედებს.

მაკრონის თქმით, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად აპრილის თვე გადამწყვეტი იქნება.

„თუ ახლა არ ვიმოქმედეთ, კონტროლს დავკარგავთ,“- განაცხადა პრეზიდენტმა.

კოკა კვირკველია