„როცა პურის სუბსიდირებს პროგრამა დასრულდება, ინფლაცია უფრო მაღალი იქნება“

„როცა პურის სუბსიდირებს პროგრამა დასრულდება, ინფლაცია უფრო მაღალი იქნება“ - ამის შესახებ ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა "ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს საკვებ პროდუქტებზე ფასების დონის სწრაფი ტემპით ზრდა გაჭირვებულ ადამიანებს ყველაზე მძიმედ აწვებათ, რადგან მათი სამომხმარებლო კალათის დიდი წილი სწორედ ამ პროდუქტებს უკავია.

„მოგეხსენებათ, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არის ღარიბი და შესაბამისად, მათთვის კვერცხზე, ზეთზე ან ხორცზე გაზრდილი ფასები მძიმედ აისახება. ახლა ჩვენ პირველადი მოხმარების პური ჯერჯერობით დასუბსიდირებული გვაქვს და ეს ოფიციალურ სტატისტიკაში არ არის ასახული, მაგრამ როცა სუბსიდირების პროგრამა დასრულდება ინფლაცია უფრო მეტი იქნება, რადგან ამ ქარხნული პურის ფასიც მოიმატებს“,- აღნიშნა სოსო ბერიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მარტში ფასების საერთო დონე წლიურად 7.2%-ით გაიზარდა. ინფლაციის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მთავრობის მხრიდან კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის შეჩერებაა.

ნოდარ სირბილაძე