Tesla-მ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რეკორდული რაოდენობის ავტომობილი გაყიდა

ელექტრომობილების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ Tesla-მ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მყიდველებს 184 ათასი ავტომობილი მიაწოდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს თავის კვარტალურ ანგარიშში.

2021 წლის პირველ სამ თვეში კომპანიამ სულ 184 800 ელექტრომობილი მიაწოდა მყიდველს, საიდანაც აბსოლუტური უმეტესობა (182 780) მოდის კომპაქტურ და შედარებით დაბალფასიან მოდელებზე Model 3-სა და Model Y-ზე. გასულ სამ თვეში კომპანიამ სულ 180 338 ამ ტიპის ელექტრომობილი აწარმოა.

ამასთან, კომპანიას საანგარიშო პერიოდში არ უწარმოებია არცერთი Model S და Model X მოდელები. მათი მიწოდება მხოლოდ 2 020 ერთეულით შემოიფარგლა.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში Tesla-მ სულ 102 672 ელექტრომობილი აწარმოა, ხოლო მყიდველებს 88 400 მიაწოდა. მათგან 76 ათასი იყო Model 3 და Model Y მოდელები.

კოკა კვირკველია