სკოლებში ჰიგიენური წესების დაცვაზე კონტროლი მკაცრდება

კოვიდ-ინფიცირების მატებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით სკოლებში მონიტორინგს აძლიერებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჰიგიენური წესების ზედმიწევნით დაცვასთან დაკავშირებით კონტროლი უფრო მეტად გამკაცრდება.

„ინფექციის პრევენციისთვის საჭირო საშუალებებით საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლა მაქსიმალურად არის მომარაგებული. გარდა ამისა, სახელმწიფოს დაფინანსებით, ინტენსიურად მიმდინარეობს საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და ადმინისტრაციის თანამშრომელთა სისტემური ტესტირება, რაც კოვიდის პრევენციის კარგი საშუალებაა.

ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0,03%-ს დაუდასტურდა. აღსანიშნავია, რომ სკოლებში შიდა გავრცელების შემთხვევები არ ფიქსირდება.

მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 37 სკოლა და 117 ცალკეული კლასი იმყოფება. (საგულისხმოა, რომ ორი დღის წინ, საქართველოს მასშტაბით, სრულ დისტანციურ სწავლებაზე 52 სკოლა იმყოფებოდა. აქედან 15 სკოლა ორშაბათიდან სწავლას საკლასო ოთახებში განაახლებს).

მცირედ არის გაზრდილი რისკ ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით თავად მიმართეს სკოლის ადმინისტრაციას და შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 80 მასწავლებელი იმყოფება.

ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში, სკოლებზე წერტილოვანი შეზღუდვები კვლავ გავრცელდება“,– ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.