ნოდარ ხადური იმედოვნებს, რომ ლარი მომავალი კვირის განმავლობაში დასტაბილურდება

”ამ ეტაპზე რა მაჩვენებელიც არის, იძლევა იმის თქმის გარანტიას, რომ ფასების ზრდა არ უნდა მოხდეს”

ფინანსთა მინისტრი იმედოვნებს, რომ ლარი მომავალი კვირის განმავლობაში დასტაბილურდება. ამის შესახებ ნოდარ ხადურმა "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" ჩართვისას განაცხადა. "მე იმედი მაქვს, რომ პიკზეა ასული გაცვლითი კურსი და მომავალი კვირის განმავლობაში დასტაბილურდება და შესაძლებელია ქვემოით დაიწიოს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, ამ ეტაპზე რა მაჩვენებელიც არის, იძლევა იმის თქმის გარანტიას, რომ ფასების ზრდა არ უნდა მოხდეს.

კითხვაზე, რა ნიშნულზე შეიძლება მივიდეს კურსი, ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ძალიან სენსიტიური თემაა და აქ პროგნოზების გაკეთება არ შეიძლება. "არასდროს ნოდარ ხადურს არ გაუკეთებია პროგნოზი, როცა იყო ექსპერტი, როცა არის მინისტრი და როცა იყო პროფესორი, თავის თავს არ მისცემდა უფლებას, დაეხეთქებინა რაიმე ციფრი, ისე, როგორც ამას აკეთებენ ზოგიერთი უპასუხისმგებლო ექსპერტები", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.