როგორია ონლაინ მაღაზიების განვითარების ტენდენცია და სპეციფიკა ქართულ ბაზარზე  - „იბიჯის“ შეფასება

,,2015 წლიდან, ელ-კომერციის სფერო ზრდის ტემპით ხასიათდება და მგონია, რომ უახლოესი სამი წლის თავზე შევუერთდებით გლობალურ ტრენდს და ამ მიმართულებით ორჯერ მაინც გაიზრდება ქართული ბაზარი“,- ამის შესახებ ,,ბიზნსესპრენიუსთან“ საქართველოში ,,იბეის“ ოფიციალური პარტნიორი კომპანია ,,იბიჯის“ აღმასრულებელმა მენეჯერმა განაცხადა.

შოთა წოწორია დეტალურად საუბრობს ელექტრონული კომერციის ბაზარზე გლობალური მასშტაბით, ასევე საქართველოში მისი განვითარების ტემპსა და სპეციფიკაზე.

,, ელექტრონული კომერცია არის სერვისი, როდესაც ბიზნესი მომხმარებელს საკუთარ სერვისს ან პროდუქტს სთავაზობს ონლაინ სივრცეში, ინტერნეტის საშუალებით, გადახდის და ყიდვის შესაძლებლობით. ამ შემთხვევაში მომხმარებელი ონლაინ პლატფორმაზევე ახდენს ანგარიშსწორებას.

დღეს ქართულ ბაზარზე ონლაინ კომერცია მნიშვნელოვანი განვითარების გზაზე დგას, თუმცა არა იმ ტემპით, როგორც ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში. მაგალითად, 2020 წელს ევროპაში, პანდემიის დროს, საშუალოდ 14%-იანი ზრდა იყო. საქართველოს შემთხვევაში, რთულია ზუსტი რიცხვებით საუბარი, მაგრამ მოთხოვნიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ 2020 წელს დაახლოებით 2-ჯერ გაიზარდა ამ სერვისზე მოთხოვნა.

ქართულ რეალობაში, მომხმარებლებს უმეტეს შემთხვევაში ერჩივნათ კურიერთან ე.წ ხელზე გადახდის სისტემით ანგარიშსწორება, ვიდრე ონლაინ. ასევე ბაზრის მნიშვნელოვანი წილი უჭირავს ონლაინ განვადებას.

უნდა ითქვას, რომ ეკონომიკური შეზღუდვების დროს, როცა მომხმარებელი იძულებული იყო მხოლოდ ეს გზა აერჩია, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით შესამჩნევი იყო ცვლილება, სწრაფად გაიზარდა სერვისზე მოთხოვნა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სავაჭრო ობიექტები გაიხსნა, მყიდველების ნაწილი მაინც რეალურ სივრცეში შოპინგს დაუბრუნდა. შეიძლება ითქვას, რომ გარდაუვალი აუცილებლობა როცა არ არის, მომხმარებელთა უმრავლესობა მაინც უპირატესობას ანიჭებს შოპინგის ტრადიციულ გზას“,- განაცხადა შოთა წოწორიამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

მისი თქმით, ქართული ბაზრის განვითარების ტენდენცია იმედს აძლევს, რომ სამ წელიწადში გლობალური განვითარების ტრენდს შევუერთდებით.

,,ქართულ ბაზარზე ონლაინ მაღაზიები ყოველდღიურად ჩნდებიან და ცდილობენ, რომ სხვადასხვა სახით პოზიციონირებას. თუმცა გეტყვით, ეს არ არის მარტივი გზა, რადგან ბაზარი განვითარებადი და არასტაბილურია. შესაბამისად, საქართველოში მხოლოდ რამდენიმე წარმატებული მაღაზიაა ამ სექტორში.

მე, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი ელექტრონული კომერციის აღმასრულებელი მენეჯერი, ვთვლი, რომ თითოეული ონლაინ მაღაზიის გახსნა ჩვენთვის კარგი სიახლეა, დამატებითი სტიმულია და ძალიან ვგულშემატკივრობთ, რადგან გვგონია, რომ მათაც შეუძლიათ ამ სფეროს განვითარებაში შეიტანონ წვლილი. 2015 წლიდან სფერო ზრდის ტემპით ხასიათდება და მგონია, რომ უახლოესი სამი წლის თავზე შევუერთდებით გლობალურ ტრენდს და ორჯერ მაინც გაიზრდება ბაზარი.

ქართული ბაზრის ძირითადი პრობლემა ლოგისტიკური ცენტრების სიმცირეა. ასევე მომხმარებლის მხრიდან ნაკლები ნდობა, რასაც ობიექტური მიზეზებიც აქვს და ემყარება მათ ცუდ გამოცდილებას. რის შემდეგაც, ჩვენ გვიწევს ნდობის მოპოვება და ამით “პატიოსანი” მოთამაშეები ბაზარზე იჩაგრებიან. სირთულეებს შორისაა, ნაკლები ტექნოლოგიური განვითარება, ბიზნესების ნაკლები მზაობა ონლაინ პლატფორმაზე გადაეწყონ და ა.შ.

თავის მხრივ, ქართველი მომხმარებლის სპექციფიკა ასეთია, რომ რასაც ფიზიკურად ვერ ეხება ან ხედავს, უჭირს მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება და ნდობა“, - ამბობს ,,იბიჯის“ აღმასრულებელი მენეჯერი შოთა წოწორია.

თამარ მუკბანიანი