კობა გვენეტაძე - საბაზრო ეკონომიკის შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთების პროგნოზირება შესაძლებელი არ არის

საბაზრო ეკონომიკის შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთების პროგნოზირება შესაძლებელი არ არის, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია იმაზე, ეკონომიკაში როგორი ზრდა იქნება, ფინანსური რისკები იქნება თუ არა და ა.შ.

„რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, როგორც აღვნიშნე, საპროცენტო განაკვეთის ძალიან დიდი შემცირება მოხდა. მოგეხსენებათ, საბაზრო ეკონომიკის პირობებში საპროცენტო განაკვეთს სხვადასხვა ფაქტორი განსაზღვრავს და თუ შევადარებთ საპენსიო სესხების პროცენტის იმ დონეს, რომელიც ახლა გვაქვს, ეს უკვე დიდად აღარ განსხვავდება იმ სახელფასო სესხებთან, რომელსაც საპენსიო ასაკის ქვემოთ ასაკის მოსახლეობა იღებს. ჩვენი მხრიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთეთ ამ მიმართულებით.

სოციალური სააგენტოც იმსჯელებს ამაზე, რაც გასაკეთებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გაკეთდა, რაც შეიძლებოდა. საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით ვერავინ გეტყვით რა იქნება საპროცენტო განაკვეთი, არა მარტო ამ სესხებზე, არამედ ნებისმიერ სესხზე. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორი ზრდა იქნება ეკონომიკაში, ფინანსური რისკები იქნება თუ არა, კოვიდ პანდემია დაიძლევა თუ არა. საბაზრო ეკონომიკის შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთების პროგნოზირება შესაძლებელი არ არის“, - განაცხადა გვენეტაძემ.