რატომ დაბრუნდა მშენებლობაში სართულშორის ფილებით გადახურვა და რამდენად ეკონომიურია ის?

სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები, არქიტექტორები კარგად იცნობენ სართულშორის ფილებით გადახურვის მეთოდს, რომელიც საბჭოთა პერიოდში აქტიურად გამოიყენებოდა, თუმცა 90-იანი წლების შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში ის მონოლითურმა მშენებლობამ სრულად ჩაანაცვლა.

ღრუტანიანი ფილები მშენებლობის პოპულარული მეთოდია ევროპის ქვეყნებში, სადაც დეველოპერები ახერხებენ, შეინარჩუნონ მშენებლობის მაღალი ხარისხი და ამავდროულად, დაზოგონ დრო და ხარჯები.

ჩვენს ქვეყანაში კი ღრუტანიანი ფილების წარმოება სულ რაღაც 3 წლის წინ დაიწყო და ბაზარი მას თავიდან ეცნობა. ამიერკავკასიაში აღნიშნულ ფილებს მხოლოდ ქართული კომპანია შპს „თბილცემენტ გრუპ“ აწარმოებს, რომელიც ქართველი და უკრაინელი პარტნიორების ერთობლივი ბიზნესია. კომპანიის ინვესტიცია ჯამურად 10 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც 5 მილიონი ლარი „საქართველოს ბანკმა“ დააფინანსა. კომპანიის დამფუძნებლებმა ინვესტიცია გლდანში ბეტონის ფილებისა და რიგელების საწარმოს ასაშენებლად და იტალიური საწარმოო დანადგარების შესაძენად გამოიყენეს და დღეს, ბაზარს უმაღლესი ხარისხის სართულშორის გადახურვის ფილებს აწვდიან.

რით განსხვავდება მონოლითური მშენებლობისგან სართულშორის ფილებით გადახურვის მეთოდი და რამდენად აქტიურად იყენებენ მას დეველოპერები, ამის შესახებ დეტალურად კომპანია „თბილცემენტ გრუპის“ დირექტორს გიორგი ნონიკაშვილს ვესაუბრეთ:

რას ნიშნავს მშენებლობაში სართულშორის ფილებით გადახურვის მეთოდის გამოყენება?

ეს ნიშნავს, რომ ღრუტანიანი ფილა მონოლით ფილისგან განსხვავებით, არც არმატურის დაწვნას საჭიროებს და არც ბეტონის ჩასხმას, არამედ გამზადებული მოდის ქარხნიდან და მშენებელს მხოლოდ აწყობა და შეერთება უწევს. შედეგად, იზოგება დრო და ადამიანური რესურსი.

ღრუტანიანი ფილების კიდევ ერთი უპირატესობა არის სიმსუბუქე, რადგან ის მონოლით ფილის დაახლოებით ნახევარს იწონის. რა თქმა უნდა, აღნიშნულ ფაქტორს ითვალისწინებენ საძირკველშიც და არმატურას ამის მიხედვით იყენებენ. მინდა აღვნიშნო, რომ ღრუტანიანი ფილების სიმსუბუქის გამო, საძირკველში იმდენი არმატურის გამოყენება აღარ არის საჭირო, რამდენიც მონოლითურის შემთხვევაში.

მნიშვნელოვანია, რომ მას აქვს იდეალურად სწორი შიდა ზედაპირი, რის გამოც არ სჭირდება დამუშავება ან მხოლოდ შეღებვაა საკმარისი. ასევე, ღრუტანებიდან გამომდინარე, აქვს ბგერაიზოლაცია და თბოიზოლაცია, რაც კომუნალური ხარჯების შემცირებასთან არის დაკავშირებული.

რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში აღნიშნული ტექნოლოგია დაგებრუნებინათ? სხვა ქვეყნებში რამდენად აქტიურად გამოიყენება ღრუტანიანი ფილები?

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში სართულშორის გადახურვის ფილების წარმოება შეწყდა, საბჭოთა ნაგებობენიდან შემორჩენილი მეორეული პროდუქცია ბაზარზე მაინც არსებობდა და კერძო სახლების სამშენებლო სამუშაოებში გამოიყენებოდა.

მთელი ამ წლების განმავლობაში ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ღრუტანიანი ფილების წარმოება განავითარეს და ახალ საფეხურზე აიყვანეს. მსოფლიო დღეს მშენებლობაში ასაწყობი კონსტრუქციების გამოყენებაზეა ორიენტირებული, ჩვენთან კი დომინანტი მაინც მონოლითური მშენებლობაა, რომელიც საკმაოდ ძვირი ჯდება.

გადაწყვეტილება, ღრუტანიანი ფილებისა და რიგელების წარმოება დაგვეწყო, სწორედ განვითარებული ქვეყნების მაგალითმა მიგვაღებინა, რადგან დავინახეთ, რომ მშენებლობის აღნიშნული მეთოდი, საქართველოშიც მალე დაიწყებდა დაბრუნებას. „თბილცემენტ გრუპი“ დაარსდა 2011 წელს შპს „თბილცემენტის“ ბაზაზე, რომელიც სამშენებლო მასალების ბიზნესში 2001 წლიდან ოპერირებს.

კომპანიამ კიდევ უფრო აქტიურად განვითარება დაიწყო და დაახლოებით 5 წლის წინ იტალიური საწარმოო დანადგარების შეძენა დავიწყეთ. პროექტის ფარგლებში - „აწარმოე საქართველოში“ შევიძინეთ პირველი დანადგარები. საბანკო კაპიტალი დაგვჭირდა წარმოებისთვის, სადაც უკვე საქართველოს ბანკი დაგვიდგა გვერდით. ახლა კიდევ უფრო ვვითარდებით და გარდა ფილებისა, რიგელებსაც ვუშვებთ. უნდა აღვნიშნო, რომ ქარხნის მშენებლობა ნულიდან დავიწყეთ, არცერთ ძველ წარმოებაზე მიბმულები არ ვყოფილვართ. 3 წელია, რაც უკვე ფილებით ვამარაგებთ ბაზარს და ნელ-ნელა, დეველოპერული სექტორიც ინტერესდება ჩვენით.

საინტერესოა, დეველოპერები რამდენად ხშირად მოგმართავენ და გამოიყენება თუ არა ფილები მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობაში?

პირველი ერთი წლის განმავლობაში გვიწევდა ძირითადად, საინფორმაციო კამპანიის წარმოება და ახსნა-განმარტება, რას გულისხმობს სართულშორის ფილებით გადახურვა, რით განსხვავდება ის მონოლითისგან, რატომ არის ხარჯეფექტური, რა კავშირშია ის სეისმომდგრადობასთან და სხვა.

tbilll-1618466558.jpg

ცხადია, ბევრ დაინტერესებულ პირთან ახსნა დღესაც გვიწევს, რადგან ტექნოლოგია ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 30 წელია, აღარ გამოიყენება. ზოგს მიაჩნია, რომ ეს მეთოდი საბჭოთა გადმონაშთია, მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ზოგი უკვე კარგად იცნობს მას და პირდაპირ შეკვეთით მოგვმართავს.

საბჭოთა და თანამედროვე ღრუტანიან ფილას შორის ბევრი განსხვავებაა: სხვადასხვაგვარია დამზადების ტექნოლოგია; ასევე, საბჭოთა კავშირის დროს ფილებს აერთებდნენ შედუღებით, რასაც დამატებითი პრობლემები ახლდა - თითოეულ შემდუღებელს თავისი ბეჭედი ჰქონდა და კვანძებს ურტყამდა, რათა რაიმე შემთხვევის დროს ბრალეული პირი ეპოვნათ. დღეს, შედუღებით შეერთება სრულად ამოღებულია სამშენებლო პროცესიდან, რადგან ღრუტანიანი ფილების ბეტონით დამონოლითება ხდება და „ადამიანური შეცდომის“ ფაქტორიც ნულზეა დაყვანილი.

რა არის ახლა თქვენი მთავარი გამოწვევა?

გამოწვევას წარმოადგენს დეველოპერების დარწმუნება, რომ მშენებლობის აღნიშნული მეთოდი სანდოა და რეალური რიცხვებიც მოწმობს მის ხარჯეფექტურობას.

აღნიშნული ამოცანის შესასრულებლად თავად დავიწყეთ ჩვენივე მეთოდით მშენებლობა. ცოტა რთულია, სხვას შესთავაზო ის, რასაც თავად არ იყენებ. დღეს ვახორციელებთ ორ დიდ პროექტს: „მეგა გლდანი“ და „მეგა დიდუბე“. ორივე უბანში 4-4 დიდი საცხოვრებელი კორპუსი შენდება. როდესაც დაინტერესებული პირები ჩვენთან მოდიან, თვითონვე ნახულობენ, როგორ განსხვავდება მონოლითური მშენებლობა ასაწყობი კონსტრუქციებით მშენებლობისგან. ასევე, ბინათმფლობელები დეტალურად არიან ინფორმირებულები, რამდენად ამცირებს მშენებლობის აღნიშნული მეთოდი კომუნალურ ხარჯებს, რატომ აქვს უკეთესი ბგერაიზოლაცია, რაც დღეს ახალი პროექტების ნაწილის პრობლემას წარმოადგენს და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ „მეგა დიდუბის“ პროექტის განხორციელებაშიც საქართველოს ბანკმა შეგვიწყო ხელი. ბანკმა 14 მლნ. ლარის მოცულობის ინვესტიცია გამოგვიყო, რისი მეშვეობითაც შევძლებთ 300 საცხოვრებელი ბინის აშენებას.

ასევე, ჩვენი ფილებითა და რიგელებით შენდება რუსთავის სავაჭრო მოლი, სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტები. ჩვენი დამკვეთები არიან არამარტო იურიდიული, არამედ ფიზიკური პირებიც, რომელთაც უბრალოდ სურთ, საკუთარი სახლები ჩვენი ტექნოლოგიით აიშენონ.