მარტში თბილისში ბინების გაყიდვები 32%-ით გაიზარდა

უძრავი ქონების სერვისების და ინვესტიციების მართვის კომპანიის „ქოლიერსის“ მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლის მარტში თბილისში ბინების 3,060 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ თბილისში გაყიდული ბინების მოცულობა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც გაზრდილია, კერძოდ, 20%-ით.

ამასთან, ბინების გაყიდვები მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში მთლიანობაში 4%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, 2021 წლის პირველ კვარტალში თბილისში სულ 7,738 ტრანზაქცია დაფიქსირდა.

2021 წლის პირველ კვარტალში, საშუალო შეწონილ ფასს მნიშვნელოვანი ცვლილება არ განუცდია. 2020 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ახალი ბინების საშუალო შეწონილი ფასი მხოლოდ 2%-ით შემცირდა, 2019 წელთან შედარებით კი 1%-ით. რაც შეეხება ძველ ბინებს, მაჩვნებელი 2% და 4%-ით შემცირდა 2020 და 2019 წლების პირველ კვარტალთან შედარებით.

ნოდარ სირბილაძე