როგორი იქნება მოტივტივე სასტუმრო ყატარში, რომელიც ელექტროენერგიას თავად გამოიმუშავებს (+ფოტო)

ბოლო წლების განმავლობაში მოტივტივე სასტუმროები განსაკუთრებით პოპულარული გახდა, რასაც სიახლეების მიმართ დამსვენებელთა ინტერესი განაპირობებს.

თურქულმა არქიტექტურულმა კომპანია Hayri Atak Architectural Design Studio-მ (HAADS) საკმაოდ უჩვეულო და ორიგინალური მოტივტივე სასტუმროს პროექტი წარადგინა, რომელიც ყატარში აშენდება.

sast2-1618732998.jpg

CNN წერს, რომ სასტუმრო ორიგინალური დიზაინითა და ფუნქციებით პირველი იქნება და მას მსოფლიოში ანალოგი არ ექნება. გამოცემის ინფორმაციით, სასტუმროს საერთო ფართობი 35 000 კვ.მ. იქნება და მასში სულ 152 ნომერი მოეწყობა.

„ენერგიის მინიმალური მოხმარება და ნული ნარჩენები“-ასეთია კომპანია HAADS-ის დევიზი, რომელმაც ეკომეგობრული სასტუმროს შექმნა გადაწყვიტა.

sast1-1618733028.jpg

როგორც ცნობილია, სასტუმროზე განთავსებული მზის ბატარეები მის ელექტრომომარაგებას სრულიად უზრუნველყოფს. ამასთან, სასტუმროში წვიმის წყლის დაგროვება მოხდება, რასაც მცენარეების მოსარწყავად გამოიყენებენ. გეგმის მიხედვით, სასტუმროში არსებულ საკვების ნარჩენებსა და წყალსაც კი გადაამუშავებენ, რის შედეგადაც გარემოს ზიანი არ მიადგება.

სასტუმროს საკუთარი პორტი ექნება, სადაც მცირე ზომის იახტების მიღებას შეძლებს. მასში ასევე მოეწყობა შიდა და გარე აუზები, რესტორნები, საუნა, გოლფის მოედანი და სპორტული დარბაზები.

sast3-1618733059.jpg

როგორც უკვე აღინიშნა სასტუმრო ყატარში ზღვის სანაპიროსთან ახლოს განთავსდება, თუმცა მისი ნებისმიერ მიმართულებით გადაადგილება და გადატანა იქნება შესაძლებელი.

ამასთან, სასტუმრო მუდმივად იმოძრავებს წრიულად და 360 გრადუსიანი შემობრუნების შესასრულებად მას ზუსტად 24 საათი დასჭირდება.

რაც შეეხება პროექტის ვადებს, მასზე მუშაობა 2020 წლის მარტში დაიწყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის დაწყებამ მისი დასრულების ვადა გადაწია. CNN წერს, რომ მისი მშენებლობა 2025 წლისთვის უნდა დასრულდეს.

sast4-1618733079.jpg

ბექა ბერიაშვილი