მსოფლიო ბანკი კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში რეკორდულ თანხას დახარჯავს

მსოფლიო ბანკი ქვეყნებს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში დაეხმარება და ამ მიზნით რეკორდული ოდენობის თანხას დახარჯავს. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ დევიდ მელპასმა აშშ-ში მიმდინარე ვირტუალურ კლიმატურ სამიტზე განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიო ბანკმა დახმარების გეგმა შეიმუშავა.

„გეგმის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დაიხარჯოს რეკორდულად დიდი ოდენობით თანხა, რათა მაქსიმალურ შედეგს მივაღწიოთ. ეს ნიშნავს დახმარებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ყველაზე მაღალი დონის გამონაბოლქვით გამოირჩევიან და ამ მაჩვენებლის შემცირებას ცდილობენ. ეს, ასევე, ნიშნავს რეკორდულ ხარჯებს ადაპტაციაზე ანუ ჩვენი ფინანსების 50% ქვეყნებს კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტირებაში დაეხმარება,“ - განაცხადა დევიდ მელპასმა.

მისი თქმით, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში მსოფლიო ბანკის წლევანდელი ფინანსური დახმარება ისტორიულად მაღალ ნიშნულზეა: 2016-2020 წლებში მსოფლიო ბანკმა ამ მიმართულებით 83 მლრდ დოლარი გამოყო, აქედან 41 მლრდ დოლარი მხოლოდ 2019 წელს დაიხარჯა.

კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის საკითხებზე აშშ-ში გლობალური სამიტი მიმდინარეობს, რომელიც 22 აპრილს გაიხსნა. მასში მსოფლიოს 40 ლიდერი მონაწილეობს.

კოკა კვირკველია