რომელია მსოფლიოს ყველაზე გადატვირთული აეროპორტი? - პანდემიის შედეგად ატლანტის აეროპორტმა 22-წლიანი ლიდერობა დათმო

CNN 2020 წლის ყველაზე გადატვირთული აეროპორტების სიას ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, პანდემიამ აეროპორტების ფუნქციონირებაზე უზარმაზარი ცვლილება მოახდინა, რაც რეიტინგზეც აისახა.

ბოლო 22 წლის განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე დატვირთული აეროპორტის ტიტულს ატლანტის საერთაშორისო აეროპორტი იკავებდა. თუმცა, პანდემიის შედეგად მან მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.

შედეგად 2020 წლის მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე გადატვირთული აეროპორტი გუანჯოუ ბაიუნის აეროპორტი გახდა, რომელიც ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.

აეროპორტი 2020 წელს 43.8 მილიონ მგზავრს მოემსახურა. მას 2019 წელს რეიტინგში მე-11 პოზიცია ეკავა.

CNN-ის ინფორმაციით, ყველაზე გადატვირთული აეროპორტების ათეულში 7 ჩინეთში მდებარე აეროპორტი აღმოჩნდა, რაც პანდემიით შექმნილ ვითარებასთანაა დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მსოფლიოს აეროპორტების უმეტეს ნაწილში ფრენების დიდი ნაწილი გაუქმდა, ჩინეთში კი, წლის შუა პერიოდიდან ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების შემდეგ ავიარეისები ეტაპობრივად აღდგა.

2020 წლის ყველაზე გადატვირთული აეროპორტების რეიტინგი ასე გამოიყურება:

  • 1. გუანჯოუს აეროპორტი (CAN), ჩინეთი -43.8 მილიონი მგზავრი
  • 2. ატლანტას აეროპორტი (ATL), აშშ - 42.9
  • 3. ჩენგდუს აეროპორტი (CTU), ჩინეთი - 40.7
  • 4. დალასის აეროპორტი (DFW), აშშ- 39.4
  • 5. შენჟენი (SZX), ჩინეთი- 37.9
  • 6. პეკინი, (PEK), ჩინეთი-34.5
  • 7. დენვერი (DEN), აშშ- 33.7
  • 8. კუნმინგი (KMG), ჩინეთი- 33
  • 9. შანხაი (SHA), ჩინეთი- 31.2
  • 10. სიანი (XIY), ჩინეთი - 31.1

ბექა ბერიაშვილი