ფილმებში პროდუქციის რეკლამირება სულ უფრო მოთხოვნადი ბიზნესი ხდება

„პროდაქტ-პლეისმენტი“ ფილმებისთვის და ტელესერიალებისთვის დიდი ბიზნესია. დღეს უკვე შესაძლებელია როგორც ახალ, ისე ძველ ფილმებშიც კი პროდუქციის ციფრული რეკლამირება. მაგალითად, ამერიკულ კლასიკურ ფილმ „შესანიშნავ გაქცევაში“, სადაც მსახიობი სტივ მაკკუინს გერმანელი ფაშისტები მისდევენ და ის მოტოციკლს გზაგასაყარზე აჩერებს, მაყურებელი უკანა ხედზე, შენობის გვერდითა ფასადზე ლუდის სარეკლამო პლაკატს შეამჩნევს, რაც ორიგინალურ ვერსიაში ნამდვილად არ არის.

ფილმებში „პროდაქტ-პლეისმენტი“ ისეთივე ძველი დარგია, როგორც კინოინდუსტრია. პირველად პროდუქციის რეკლამა 1919 წელს გადაღებულ ბასტერ კიტონის ფილმ „ავტოფარეხში“ განათავსეს. რეკლამირება ბენზინისა და ძრავის ზეთის კომპანიების ლოგოების გამოყენებით მოხდა.

ანალიტიკური ფირმა PQ Media-ს ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს ფილმებში, ტელეშოუებში და მუსიკალურ კლიპებში გლობალური „პროდაქტ-პლეისმენტის“ ინდუსტრიის მთლიანმა ღირებულებამ 20,6 მლრდ დოლარი შეადგინა. PQ Media-ს შეფასებით, კომპანიებისთვის მეტად მომგებიანი აღმოჩნდა, მაგალითად, ტელეშოუს წამყვანის გამოწყობა რომელიმე ბრენდის ამსახველ ტანსაცმელში ან მის მიერ რომელიმე ბრენდის ყავის სმა ან ავტომობილის მართვა.

თუკი ადრე ფილმის გადაღების დროს რეკლამირებისთვის ადგილზე პროდუქტის ფიზიკურად არსებობა იყო აუცილებელი, დღეს სარეკლამო ინდუსტრია კომპიუტერულ ტექნოლოგიებს იყენებს, რაც კადრში კომპიუტერით დამუშავებული სარეკლამო გამოსახულების მარტივად ჩასმის საშუალებას იძელვა. ამ გზით ნებისმიერ ფილმში ან ტელეშოუში პროდუქტების ციფრულად დამატებაა შესაძლებელი. მაგალითად, ფილმ „კასაბლანკაში“ რეკლამ-მეიკერებმა ცქრიალა ღვინო Rick's Cafe-ზე ეტიკეტები განაახლეს და მომავალშიც განაახლებენ. ფილმ „ოუშენის 11 მეგობრის“ ფონზე განათავსეს სხვადასხვა ნეონური სარეკლამო ნიშანი, ხოლო ჩარლი ჩაპლინს გაზიანი სასმელები დაარეკლამირებინეს. რამდენიმე კვირის, თვის ან წლის შემდეგ შესაძლებელია ამ რეკლამების სხვა ბრენდებზე „გადართვაც“.

Mirriad დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი სარეკლამო ფირმაა, რომელმაც ასეთი შესაძლებლობები შეიმუშავა. მის ტექნოლოგიებს ჩინეთის ერთ-ერთ სტრიმინგ-საიტზე და ცნობილ ამერიკულ ტელეშოუ Modern Family-ში იყენებენ. Mirriad-ის აღმასრულებელი დირექტორი სტეფან ბერინგერი აცხადებს, რომ ციფრულ „პროდაქტ-პლეისმენტს“ გლობალურ სარეკლამო ინდუსტრიაში მალე ფართოდ გამოიყენებენ. Mirriad ციფრულ რეკლამირებაზე ფილმებისთვის სპეცეფექტების შექმნიდან გადაერთო.

„ჩვენ კინოინდუსტრიაში სპეცეფექტებზე მუშაობით შევედით, მაგრამ მალე ჩვენი მთავარი მეცნიერის, ფილიპ მაკლაუჩლანის გუნდმა შეიმუშავა ტექნოლოგია, რომელმაც ფილმ „შავი გედისთვის“ ოსკარის პრემიაც მიიღო. ეს ტექნოლოგია გამოსახულებას „კითხულობს“, ის ითვისებს ნებისმიერ რამეს, მათ შორის, მოძრაობას, ემოციას, ქსოვილს. მისი საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, ფილმში შეიტანოთ ახალი გამოსახულებები, რასაც მაყურებლის თვალი ვერ აღიქვამს, რომ ისინი პოსტფაქტუმ ანუ ფილმის გადაღების შემდეგ გაჩნდნენ მასში,“ - აცხადებს სტეფან ბერინგერი.

PQ Media-ის ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს მსოფლიოში „პროდაქტ-პლეისმენტის“ ღირებულება 15%-ით გაიზარდა. ფილმებისა და ტელეპროგრამების გარდა, მას კოვიდპანდემიით დაზარალებულ მუსიკალურ ინდუსტრიაშიც ფართოდ იყენებენ. პანდემიამ მუსიკალურ ინდუსტრიაში გასტროლების მიმართულება გააუქმა და კომპაქტ-დისკების გაყიდვებიც მნიშვნელოვნად შეამცირა. ბრიტანეთში ბაზირებული კომპანია Red Light Management ისეთ მუსიკოსებსა და ჯგუფებს წარმოადგენს, როგორიცაა ფრანც ფერდინანდი და Kaiser Chiefs. კომპანიის მმართველი დირექტორი ჯეიმს სანდომი მიიჩნევს, რომ ამ რთულ დროში მუსიკოსებისთვის ახალი შემოსავლის წყაროს გაჩენა იშვიათია, ამიტომ ციფრული „პროდაქტ-პლეისმენტი“ მათთვის საუკეთესო გამოსავალია.

„ბევრი მუსიკოსი კლიპის არსებულ, რეტროსპექტულ კონტენტს ციფრული რეკლამის განახლებული კონტენტით სიამოვნებით ჩაანაცვლებს. მეტიც, ძველ მუსიკალურ ჯგუფებს ათწლეულების ვიდეოებით ახალი ფულის გამომუშავება შეუძლიათ,“ - აცხადებს ჯეიმს სანდომი.

კოლუმბიელი მომღერალი ჯოვანი აიალა პირველია, ვინც კომპანია Mirriad-ის ტექნოლოგია გამოიყენა. მან ხელი მოაწერა კონტრაქტს მექსიკურ ლუდსახარშ Tecate-თან, რომ ლუდის ლოგო და ბოთლები მომღერლის მუსიკალურ კლიპებში გაჩნდება.

ამჟამად Mirriad მუშაობს ტექნოლოგიაზე, რომელიც კონცერტებისა და სპორტული შეჯიბრებების პირდაპირ ეთერში ციფრული სარეკლამო ბანერების „რელურ დროში ანუ მილიწამებში“ დამატებას უზრუნველყოფს.

„დიდი მოთხოვნაა, მაგალითად, იმაზე, რომ პენალტის დანიშვნის დროს მსაჯის უკან ახალი რეკლამა გაჩნდეს,“ - აცხადებს Mirriad-ის აღმასრულებელი დირექტორი სტეფან ბერინგერი.

კალიფორნიაში ბაზირებული ამერიკული კომპანია Ryff უფრო შორს მიდის და მისი ტექნოლოგიით განთავსებული ციფრული რეკლამა ადამიანების კეტეგორიებზეა მიმართული: ფილმში რეკლამა იმის მიხედვით იცვლება, თუ რომელი კატეგორიის ადამიანი უყურებს მას.

„მაგალითად, თუ თქვენ გიყვართ ღვინო, ფილმის გმირი იმ ბოთლს გახსნის და შესვავს, რომელი ღვინის გასინჯვასაც თქვენ მოისურვებდით. Ryff-ს შეუძლია, დაადგინოს, თუ რას ათვალიერებდით შესაძენად ინტერნეტში და ამ პროდუქტის ციფრული რეკლამა ჩაგიგდოთ ფილმში, რომელსაც თქვენ ნოუთბუქში, სმარტფონში ან სმარტტელევიზორში უყურებთ,“ - აცხადებს Ryff-ის აღმასრულებელი დირექტორი როი ტეილორი.

Ryff-ის ტექნოლოგიას, ასევე, შეუძლია, მომხმარებლის ადრინდელი ონლაინ-შენაძენების ან დათვალეირებების საფუძველზე, ვებ-გვერდებზე ონლაინ-რეკლამები ამოაგდოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ