რუსეთმა შესაძლოა, ბენზინის ექსპორტი შეზღუდოს

რუსეთის მთავრობა აპირებს, ბენზინი იმ პროდუქციის ჩამონათვალში შეიტანოს, რისი ექსპორტიც დროებით შეიზღუდება. ეს წინადადება რამდენიმე დღის წინათ ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ნოვაკთან თათბირის დროს განიხილებოდა. რუსული „კომერსანტის“ ცნობით, თათბირის პროტოკოლიდან ირკვევა, რომ მთავრობას შედგენილი აქვს შიდა ბაზრისთვის აუცილებელი პროდუქტების სია, რისი ექსპორტიც განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიზღუდება ან საერთოდ აიკრძალება. მთავრობამ დაავალა კიდეც ენერგეტიკის სამინისტროს, რომ მან „ნავთობპროდუქტების ცალკეულ სახეობათა დროებითი აკრძალვის“ შესახებ აქტის პროექტი შეიმუშავოს. საუბარია იმაზე, რომ აუცილებლობის შემთხვევაში მინისტრთა კაბინეტმა ბენზინის ექსპორტის აკრძალვა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის საზღვრებს გარეთ მყოფ ქვეყნებში ოპერატიულად შეძლოს.

ინტერნეტ-გამოცემა Vtimes აპრილში წერდა, რომ ბენზინის ექსპორტის შეზღუდვის ინიციატივით ფედერალური ანტიმონოპოლიური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი და პრემიერ-მინისტრის ახლანდელი მრჩეველი იგორ არტიომოვი გამოდის. მან ვიცე-პრემიერ ნოვაკს წერილობითი ინიციატივით მიმართა, რომ ნავთობროდუქტების ზოგიერთი სახეობის ექსპორტი დროებით შეზღუდულიყო, აგრეთვე, საფონდო ბირჟაზე ბენზინის სავალდებულო რეალიზაციის სტანდარტი მისი წარმოების მოცულობიდან 15%-მდე გაზრდილიყო.

ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ნოვაკი ამ წინადადებას დაეთანხმა. ის აცხადებდა, რომ ასეთი ზომები პიკური მოთხოვნილების პერიოდში შიდა ბაზარზე სიტუაციას დაასტაბილურებს, ამიტომ მთავრობის კაბინეტი ამ თემას განიხილავს. იდეას რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ მხარი უკვე დაუჭირა.

„როსსტატის“ მონაცემებით, წლის დასაწყისში ბენზინზე საცალო ვაჭრობის ფასი 3,03%-ით გაიზარდა. მხოლოდ მარტის თვეში, თებერვალთან შედარებით, ამ მაჩვენებელმა 1,12%-ით მოიმატა, ხოლო წლიური მონაცემით - 5,22%-ით. 29 მარტიდან 5 აპრილამდე საწვავის საცალო ვაჭრობის საშუალო ფასმა 13 კაპიკით მოიმატა და ლიტრი ბენზინი 47,56 რუბლი გახდა.

ფედერალურმა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა მიმდინარე წელს ნავთობპროდუქტებზე ფასების დინამიკა საექსპორტო ფასების ზრდას დაუკავშირა. მიზეზებს შორის, აგრეთვე, დასახელდა საწვავზე მოთხოვნის სეზონური ზრდა როგორც რუსულ ბაზარზე, ისე აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში, სავაჭრო ბირჟებზე მოცულობის შემცირება, გარემოს დაბალი ტემპერატურა და OPEC-ის შეთანხმება ნავთობმოპოვების შეზღუდვის შესახებ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ