გერმანიის მთავრობამ წლევანდელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ნახევარი პუნქტით გაზარდა

Reuters-ის ცნობით, გერმანიის მთავრობამ წლევანდელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კიდევ უფრო გაზარდა. თუკი იანვარში გაკეთებული პროგნოზით მთავრობაში 3%-იან ზრდას მოელოდნენ, ამჟამინდელი მონაცემებით წლის ბოლოსთვის უკვე 3,5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდებიან. სააგენტოს წყაროს ცნობით, გერმანიის მთავრობაში ვარაუდობენ, რომ 2022 წელს ევროპის უდიდესი ეკონომიკა 3,6%-ით გაიზრდება.

თვის დასაწყისში გერმანიის წამყვანი ეკონომიკის ინსტიტუტები პროგნოზირებდნენ, რომ წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 3,7%-ით, 2022 წელს კი 3,9%-ით გაიზრდება.

აპრილში გერმანული ბიზნესის მოლოდინები დიდად არ გაზრდილა, რადგან COVID-19-ით ინფიცირების მესამე ტალღამ და ავტოინდუსტრიაში ნახევრადგამტარი ჩიპების დეფიციტმა ევროპის მსხვილი ეკონომიკის აღდგენას ხელი შეუშალა. ექსპორტზე ორიენტირებული მწარმოებლები მოგებას ჩინეთისა და აშშ-ს შედარებით მაღალმოთხოვნადი ბაზრებიდან იღებენ, მაშინ, როცა შიდაბაზარზე ორიენტირებული ბიზნესი კიდევ უფრო გაფართოებული შეზღუდვებით ზარალდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ