„პანდემიის პირობებში იპოთეკით დაზარალებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა“

“იპოთეკით, მშენებლობებითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის გიგა წულეისკირის განცხადებით, „პანდემიის პირობებში იპოთეკით დაზარალებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა“. მისივე თქმით, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საჭიროა ახალი რეგულაციების მიღება და იმ ე.წ. შავი ხვრელების აღმოფხვრა, რომლითაც ხშირად მევახშეები სარგებლობენ და ტოტალურად ახდენენ ქონებების მითვისებას. მისივე ინფორმაციით, არის შემთხვევები, როდესაც მევახშეებმა, ე.წ. ნასყიდობა-გამოსყიდვის გაფორმების ფორმით თვალთმაქცურ გარიგებებს მიმართეს. შემდეგ, ცრუ ჩვენების შედეგად, თითქოს არ იცნობდნენ იმ ადამიანებს, ვისზეც თანხის გასესხება მოხდა, 5 -ჯერ და 10-ჯერ მეტი ღირებულების უძრავი ქონება მიითვისეს.

„ეროვნული ბანკის რეგულაციებითა და ახალი კანონმდებლობით ფიზიკურ პირს აეკრძალა სხვა კერძო პირის სასარგებლოდ იპოთეკით უძრავი ქონების დატვირთვა. ეს გადაწყვეტილება რეალურად მიმართული იყო მევახშეების საქმიანობის შეჩერებისთვის, მაგრამ მევახშეებმა მიმართეს სხვა გზებს, რაც გულისხმობს კაბალურ და თვალთმაქცურ ხელშეკრულებებს, რაც გამოიხატება ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებებში, სადაც ჩვენი შეხედულებით არის თვალთმქაცური გარიგება. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს აღნიშნული საქმის გამოძიებისკენ.“- აღნიშნა „იპოთეკით, მშენებლობებითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა გიგა წულეისკირმა.

“იპოთეკით, მშენებლობებითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაცია" მოქალაქეებს უფასო იურიდიულ კონსულტაციასა და მხარდაჭერას სთავაზობს.

ნოდარ სირბილაძე