თურქეთში სრული „ლოქდაუნი“ წესდება

თურქეთში მიმდინარე კვირის ხუთშაბათიდან 17 მაისამდე სრული „ლოქდაუნი“ ამოქმედდება,- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ პერიოდში ყველა სამუშაო ადგილი შეაჩერებს თავის საქმიანობას ან დისტანციურ რეჟიმზე გადავა, გამონაკლისი შეეხება მხოლოდ საკვებისა და წარმოების სფეროებს.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კაფეები და რესტორნები მხოლოდ მიტანის სერვისით იმუშავებენ, სუპერმარკეტები კი კვირაობით დახურული იქნება.

ამასთან, ყველა საქალაქთაშორისო მგზავრობა დაექვემდებარება ნებართვას, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი 50-პროცენტიანი დატვირთვით იმუშავებს.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ფიზიკური დასწრებით სწავლება ყველა დაწესებულებაში, მათ შორის საბავშვო ბაღებსა და ბაგა-ბაღებში შეწყვეტილი იქნება და ყველა გამოცდა გადაიდება.

„სწრაფად უნდა შევამციროთ შემთხვევების რაოდენობა და ის 5000-ზე ნაკლები უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა სფეროში შედეგების წინაშე დავდგებით, ტურიზმიდან დაწყებული ვაჭრობითა და განათლებით დამთავრებული“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

თურქეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 37 312 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4.6 მილიონს გადააჭარბა. ამასთან, ვირუსს კიდევ 353 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 38 711-ს მიაღწია.

თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 14 იანვრიდან დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინის ერთი დოზა 13.33 მილიონ ადამიანს აქვს გაკეთებული, სრულად ვაქცინირებული კი 8.18 მილიონი მოქალაქეა.