ირაკლი ღარიბაშვილი: ლარის სტაბილიზება ეროვნული ბანკის ჩარევის გარეშე მოხდა

წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტს გადააჭარბებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოს მომავალ წელს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება. "მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა მეზობელი ქვეყნების ეკონომიკებში, წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა გადააჭარბებს 5%-ს. ”მოსახლეობისთვის მინდა განვმარტო და ჩამოვთვალო ქვეყნები, სადაც არის ჩვენზე ძლიერი ეკონომიკა, მაგრამ მათი ზრდა არის საკმაოდ დაბალი ჩვენთან შედარებით - ყაზახეთი 4,3% აქვთ ზრდა, აშშ 2,2%, თურქეთი 3%, რუსეთი 0%, უკრაინა -8%, სომხეთი 2,%, აზერბაიჯანი 4,5%, მოლდოვა, 1,8% ბელორუსი 0,9%, ბულგარეთი 1,4%, ხორვატია -0,8%, ბალტიისპირეთის ქვეყნები 2,6% ევროკავშირის ქვეყნები 1,4%, ევროზონა 0,8%, ხოლო ევროკავშირის ახალი წევრები 2,6%. საქართველო 5,2%", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა უნდა დარწმუნდეს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკონტროლებთ. "ეს არის პასუხი ცრუ ბრალდებებზე და მიზანმიმართულ კამპანიაზე, რომელიც ჩვენმა ოპონენტებმა და ე.წ. ექსპერტებმა წამოიწყეს იმისთვის, რომ გააუარესონ გარემო საქართველოში და მოსახლეობა კიდევ უფრო დაძაბონ. მინდა დავარწმუნო მოსახლეობა, რომ ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ. ჩვენ გვაქვს კოორდინირებული მუშაობა ეროვნულ ბანკთან. ეროვნული ბანკის ჩარევის გარეშე მოხდა ლარის სტაბილიზაცია და ნორმალიზება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.