ვაშინგტონში მდებარე ბიბლიის მუზეუმი ტურინის სუდარის ნოვატორულ გამოფენას გეგმავს. გამოფენა, სახელწოდებით „მისტერია და რწმენა“ (Mystery & Faith), მომავალი წლის 26 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ბიბლიის მუზეუმის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული. გამოფენის გამართვის მიზნით, ბიბლიის მუზეუმის მიერ სპეციალური ფონდიც არის შექმნილი.
„შემოწირე დღეს და მიიღე სპეციალური მოსაწვევი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოფენასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ. თქვენი ფინანსური მხარდაჭერით შესაძლებელი გახდება ტურინის სუდარის გამოფენა ბიბლიის მუზეუმში,“ - ნათქვამია ვებ-გვერდზე, სადაც, ასევე, განსაზღვრულია შესაწირი თანხის ოდენობა, რომელიც 25, 50, 100, 500, 1000 და 5000 დოლარს შეადგენს. აქედან შერჩეულ თანხას შემომწირველი ვებ-გვერდზე მოცემული გადახდის გრაფის საშუალებით გადარიცხავს ფონდში. კონკრეტული შენაწირისთანავე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე შემწირველ პირს ქვითარი მიუვა. თანხის შეტანა შესაძლებელია, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე eCheck სისტემითა და საკრედიტო-სადებეტო ბარათებით. ერთჯერადი შენაწირის გარდა, ერთსა და იმავე პირს შეუძლია რეგულარულად ანუ კვირაში ერთხელ, ყოველთვიურად, ყოველკვარტალურად და ყოველწლიურად შეიტანოს თანხა ფონდის ანგარიშზე.
„მსოფლიოში სულ რამდენიმე არტეფაქტს გამოუწვევია კამათი, წარმოუჩენია არაერთი ჰიპოთეზა და ზოგისთვის რწმენაც კი განუმტკიცებია. ერთ-ერთი ასეთია ტურინის სუდარა. ბიბლიის მუზეუმი მოხარულია, წარმოგიდგინოთ ტურინის სუდარის ნოვატორული, მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური გამოფენა. ოთხი საგამოფენო სექციის კურსზე დამთვალიერებლები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ტურინის სუდარის შესახებ, გაეცნობიან მის ისტორიას და შეიტყობენ, თუ რა გავლენას ახდენს ის მილიონობით ადამიანზე,“ - ნათქვამია ბიბლიის მუზეუმის განცხადებაში.
ბიბლიის მუზეუმი 2017 წლის ნოემბერში გაიხსნა. შენობა 430 ათას კვადრატული მეტრის ფართობზეა განთავსებული და კაპიტოლიუმის შენობიდან სამი კვარტლის დაშორებით მდებარეობს. ბიბლიის მუზეუმი ცდილობს, მსოფლიოში ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებულ და საინტერესო მუზეუმთა რიცხვში ჩაეწეროს. მას არაერთხელ გამოუფენია 4000-წლიანი ისტორიის იშვიათი და მეტად საინტერესო არტეფაქტები. ის დამთვალიერებლებს ბიბლიისა და მსოფლიოზე მისი გავლენის შესწავლის ინდივიდუალურ გამოცდილებას სთავაზობს.
სუდარა, რომელშიც იესო ნაზარეველი გარდაცვალების შემდეგ გაახვიეს, იტალიის ქალაქ ტურინში, წმიდა იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარში ინახება. დღეისთვის სუდარას ტყვიაგაუმტარი მინა და საგანგებო აპარატი იცავს. ქრისტიანული სამყაროს ამ ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდეს თანამედროვე ღვთისმეტყველები "მეხუთე სახარებას" უწოდებენ, რადგან მასზე სასწაულებრივადაა აღბეჭდილი ის ვნებანი, რომელიც მაცხოვარს ჯვარცმისას მიანიჭეს. გადმოცემის თანახმად, სუდარა თავდაპირველად წმიდა პეტრე მოციქულთან ინახებოდა, შემდგომ კი გადაეცემოდა მოციქულებს, ხოლო ქრისტიანების დევნის დროს სუდარას მალავდნენ.
1898 წლის 25 მაისს ტურინის რელიგიური ხელოვნების ნიმუშთა გამოფენაზე გამობრძანებული სუდარა ტურინელმა ადვოკატმა და მოყვარულმა ფოტოგრაფმა სეკონდო პიამ გადაიღო და დაბეჭდა ორი ფოტო დიდი ზომის ფურცლებზე (50X60 სმ). ფირის გამჟღავნებისას კი მოხდა იმ დროისთვის მეცნიერულად აუხსნელი და წარმოუდგენელი მოვლენა: ნეგატივზე მამაკაცის ფოტოგამოსახულება გამოჩნდა. ამან სათავე დაუდო ტურინის სუდარის მეცნიერულ შესწავლას, რომელიც XX საუკუნიდან რამდენიმე მიმართულებით გაიშალა. 2008 წელს მეცნიერებმა სუდარის უზუსტესი ციფრული ფოტოს შექმნა შეძლეს, რაც ქრისტეს გამოსახულების უმცირესი დეტალების ნახვის შესაძლებლობას ქმნის.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ