უქმე დღეების პერიოდში სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიებისთვის დამატებითი შეზღუდვა არ იმოქმედებს

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, უქმე დღეების პერიოდში სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიებისთვის დამატებითი შეზღუდვა არ იმოქმედებს და აკრძალვა მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეეხება.

„სხვა დამატებითი შეზღუდვა მიღებული არ არის და ყველა ოპერირებს იმ რეჟიმით, რომლითაც ოპერირებდა დღემდე", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

მისი თქმით, ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც შემოღებული იქნება ქვეყანაში, დამოკიდებულია არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. შესაბამისად, ნებისმიერი ახალი ნაბიჯი, რომელსაც გადადგამს მთავრობა, უპირველეს ყოვლისა, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ანალიზით იქნება განპირობებული.

გიორგი ღიბრაძის თქმით, ვაქცინაციის მეორე ეტაპის მიმდინარეობისას, ნაადრევია კონკრეტულ პრივილეგიებზე საუბარი, თუმცა საკოორდინაციო საბჭო განიხილავს, რომელი მიმართულებით შეიძლება შემსუბუქდეს რეგულაციები იმ პირებისთვის, ვინც, საბოლოო ჯამში, იქნება სრული კურსით ვაქცინირებული, ანუ ვაქცინის 2 ეტაპი ექნება გავლილი.

შეგახსენებთ, უქმე დღები 4-11 მაისის პერიოდში გამოცხადდა.