ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ ვებ-გვერდზე, ამ დროისთვის 69 316 მსურველია დარეგისტრირებული

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, დღეს, 10:00 საათის მდგომარეობით, 69 316 მსურველია დარეგისტრირებული. მოქალაქეებს ჩამოთვლილი ვაქცინებიდან მაქსიმუმ სამის არჩევა შეუძლიათ.

მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას 65 443-ს „ფაიზერით“ ვაქცინაცია სურს.

„მოდერნას“ ვაქცინით აცრის სურვილი 30 282 ადამიანმა გამოთქვა. 13 691 მოქალაქეს „ასტრაზენეკას“ გაკეთება უნდა, 8616-მა კი „ჯონსონი და ჯონსონი“ აირჩია. რაც შეეხება „ნოვოვაქსით“ აცრას, მისი გაკეთების სურვილი 5796-მა ადამიანმა გამოთქვა, 5269 მოქალაქეს „სინოფარმით“ აცრა სურს, 979-ს კი „სინოვაკით“.

როგორც პორტალზეა აღნიშნული, წინასწარი რეგისტრაციის მიზანია ინფორმაციის მიღება COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.

„ასევე გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.