აშშ-ში ციფრული დოლარის საპილოტე პროგრამებს იწყებენ

აშშ-ში შემდეგი 12 თვის განმავლობაში ციფრული დოლარის 5 საპილოტე პროგრამა ჩაეშვება, რაც შტატებში ამ ტიპის პირველი მცდელობა იქნება. პროექტის მიზანი ფედერალური სარეზერვო სისტემის, იგივე, ცენტრალური ბანკის მიერ ციფრული ვალუტის პოტენციური გამოყენების შემოწმებაა. პირველ ეტაპზე საპილოტე პროგრამებს გლობალური ტექნოლოგიური კომპანია Accenture დააფინანსებს და მასში ჩაერთვებიან ფინანსური ფირმები, საცალო ვაჭრობის კომპანიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. მიღებულ მონაცემებს აშშ-ს ხელისუფლებაში ციფრული დოლარის განვითარებისთვის გამოიყენებენ.

ციფრული დოლარის პროექტი გასულ წელს Accenture-სა და ციფრული დოლარის ფონდის თანამშრომლობით შეიქმნა, რომლის მიზანიც ციფრულ ვალუტაზე ცენტრალური ბანკის კვლევებში მონაწილეობაა.

„მსოფლიოში ყოველ კვირას ტარდება კონფერენციები და ქვეყნდება ნაშრომები ციფრული ვალუტის კვლევების შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების მონაცემების საფუძველზე. აშშ-ს ცენტრალურ ბანკს კი რაიმე რეალური მონაცემი, ჯერჯერობით, არ გააჩნია, რის მოპოვებასაც შევეცდებით,”- აცხადებს სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და ციფრული დოლარის ფონდის თანადამფუძნებელი კრისტოფერ ჯანკარლო.

ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა ბანკნოტებისა და მონეტების ციფრულ ექვივალენტს წარმოადგენს, რომელიც მისი მფლობელისთვის ცენტრალური ბანკისადმი პირდაპირი ციფრული მოთხოვნისა და უსწრაფესი ელექტრონული გადახდის საშუალებას იძლევა. მართალია, სადებეტო ბარათები და გადახდის აპლიკაციები ციფრული ფულის ფორმას წარმოადგენს, მაგრამ ტრანზაქციებს კომერციული ბანკები განახორციელებენ იმ ნაღდი ფულის საშუალებით, რომლებსაც მათ ანგარიშზე ცენტრალური ბანკი ჩარიცხავს.

აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა, რომელიც მსოფლიოში ყველზე ფართოდ გამოყენებად ვალუტას ინახავს, საკითხს სიფრთხილით ეკიდება. ის ჰიპოთეტური ციფრული დოლარისთვის ტექნოლოგიური პლატფორმის შესაქმნელად მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს. სარეზერვო ბანკის ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა გასულ კვირას განაცხადა, რომ „მთავარი პირველობა კი არა, არამედ სწორი ციფრული დოლარის მიღებაა.“ ამაში მას კრისტოფერ ჯანკარლო ნაწილობრივ ეთანხმება, მაგრამ მთავრობას ციფრული ვალუტის შემუშავების დისკუსიაში აშშ-ს მთავარი ღირებულებების - კერძო საკუთრების, ვაჭრობისა და სიტყვის თავისუფლების დროულად ჩართვისკენ მოუწოდებს, რადგან გლობალური ეკონომიკის კონკურენტი სახელმწიფო - ჩინეთი ამ პროცესში სწრაფად მიიწევს წინ.

საპილოტე 5 პროგრამიდან 3-ს უახლოეს 2 თვეში ჩაუშვებენ, რომელიც ციფრული დოლარის ფუცნქციონალური, სოციოლოგიური, კომერციული უპირატესობის მონაცემებს შეაგროვებს.

Accenture ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის პროექტებზე კანადაში, საფრანგეთსა და სინგაპურში მუშაობდა. კომპანიის უფროსი დირექტორი დევიდ ტრიტი აცხადებს, რომ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა ფიზიკური და ელექტრონული ფულის სხვა ფორმებს კი არ ჩაანაცვლებს, არამედ მათთან ერთად იარსებებს.

„ეს სხვა სახის ფულისთვის პანაცეას არ წარმოადგენს და დროდადრო ნაღდ კუპიურებსა და მონეტებსაც გამოვიყენებთ,“ - აცხადებს ტრიტი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ