მიმდინარე კვირას ვაქცინაციის პროცესში ტურიზმის და მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები ჩაერთვებიან

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში მიმდინარე კვირაში ტურიზმის და მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები ჩაერთვებიან.

ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში სხვა პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატებიან ტურიზმის და მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უქმე დღეებთან დაკავშირებით, 12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა და აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე. მისივე თქმით, აღნიშნული შეზღუდვა, ისევე, როგორც უქმე დღეების გამოცხადება, მობილობის მაქსიმალურად შემცირებისკენ იყო მიმართული.