ჩოხატაურის რაიონში 400 აბონენტის ენერგომომარაგება გაუმჯობესდა

კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიამ" 35 კვ გადამცემი ხაზი "ერკეთის" რეაბილიტაცია დაასრულა.

შედეგად, 400 აბონენტის ენერგომომარაგება ჩოხატაურის რაიონის 4 სოფელში უფრო საიმედო და ხარისხიანი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს. მათივე ცნობით, გადამცემი ხაზი "ერკეთი", სადაც შეიცვალა 3 ანძა და გაიჭიმა 2 კმ სიგრძის კაბელი, ელექტროენერგიით ამარაგებს სოფლებს - ნაბეღლავი, ბჟოლიეთი, ხევი და ბუქსიეთი. ხაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და სტაბილური გახდა.

"ქსელის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებას და სტაბილურობას; თუმცა საგულისხმოა ისიც, რომ მაღალი ძაბვის ქსელში სამუშაოების განხორციელება მოითხოვს მნიშვნელოვან რესურსებს და დროს. შესაბამისად, ავარიების შედეგად გამოწვეული გათიშვების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, ენერგო-პრო ჯორჯია მომავალშიც განაგრძობს ქსელში სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას", – განაცხადა "ენერგო-პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, ავთო დვალიშვილმა.