რუსეთმა წიწიბურას ექსპორტი დროებით აკრძალა - რა რაოდენობით პროდუქტს ყიდულობს საქართველო რუსეთში

რუსეთის მთავრობამ წიწიბურა შიდა ბაზრისთვის აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალში დაამატა და მისი საზღვარგარეთ ექსპორტი დროებით აკრძალა.

მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ აკრძალვა 2021 წლის 5 ივნისიდან ამოქმედდება და ძალაში 31 აგვისტომდე დარჩება.

დოკუმენტის თანახმად, გამონაკლისის დაშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ წიწიბურა ჰუმანიტარული დახმარების ნაწილია.

„როსსტატის“ მონაცემებით, წლის დასაწყისიდან წიწიბურაზე ფასი 4,4% -ით, აპრილის დასაწყისიდან კი - 2,2% -ით გაიზარდა. ამასთან, 2021 წლის იანვარ-მარტში გასულ წელთან შედარებით რუსეთში წიწიბურას ფასი 39%-ით გაიზარდა და ამჟამად 1 ტონა 571.2 აშშ დოლარი ღირს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა რაოდენობის წიწიბურას ყიდულობს საქართველო რუსეთისგან. როგორც საქსტატის მონაცემებიდან ჩანს, პროდუქტის თითქმის, 100% (99,9%) რუსეთიდან შემოდის.

კერძოდ, მიმდინარე წლის 3 თვეში, საქართველომ სულ 830,5 ტონა (701.7 ათასი აშშ დოლარი) წიწიბურა შეიძინა, საიდანაც 99,9%, ანუ 830.3 ტონა (701,4 ათასი აშშ დოლარი) სწორედ რუსეთისგან.

პროდუქტის დანარჩენი რაოდენობის იმპორტი კი პოლონეთიდან (0,1 ტონა) და ბელარუსიდან (0,1 ტონა) განხორციელდა.

ცნობისთვის, 2020 წლის იანვარ-მარტში საქართველომ ჯამში 878.2 ტონა (569.6 ათასი აშშ დოლარი) წიწიბურა შეიძინა, სადაც ძირითადი წილი ისევ რუსეთზე მოდიოდა. მხოლოდ მცირე რაოდენობის პროდუქტის იმპორტი განხორციელდა უკრაინიდან (22 ტონა) და პოლონეთიდან (0,1 ტონა).