დააბრუნე ძველი და მიიღე ახლისთვის ვაუჩერი - Ikea-მ ბრიტანეთში ახალი სქემა ჩაუშვა

ავეჯის მაღაზიათა ქსელ Ikea-მ დიდ ბრიტანეთში ახალი სქემა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც მომხმარებელს საშუალება ეძლევა, მაღაზიაში ძველი ავეჯი დააბრუნოს და სანაცვლოდ შესაძენი ვაუჩერი მიიღოს. ინფორმაციას skynews ავრცელებს. ეს ინიციატივა ნოემბერში უნდა დაწყებულიყო, მაგრამ კოვიდპანდემიის შეზღუდვების გამო გადაიდო. ამჟამად, სქემა ინგლისის ყველა მაღაზიაში მოქმედებს და მყიდველს შეუძლია ძველი ავეჯის სანაცვლოდ 250 ფუნტი სტერლინგის ოდენობის ვაუჩერი მიიღოს, რისი გამოყენებაც Ikea-ს ქსელში შეუძლია.

თუმცა ვაუჩერის თანხის ოდენობა ფიქსირებული არაა და მცურავი შკალით განისაზღვრება, ანუ იმის მიხედვით, თუ რა მდგომარეობაშია დაბრუნებული ძველი ავეჯი. თუ ავეჯი კარგ მდგომარეობაშია და ახალივით გამოიყურება, მისი პატრონი ვაუჩერის სახით ავეჯის პირვანდელი ფასის 50%-ს მიიღებს, 40%-ს - ზედაპირის უმნიშვნელო ნაკაწრებით, ხოლო 30%-ს - ისეთ ავეჯში, რომელიც მოვლილ მდგომარეობაშია, მაგრამ რამდენიმე ნაკაწრი აღენიშნება.

კამპანიაში მონაწილეობის მსურველებმა ონლაინ-ფორმა უნდა შეავსონ, რომელშიც დასაბრუნებელი ძველი ავეჯის სახეობა უნდა მიუთითონ.

Ikea შეეცდება, დაბრუნებული ავეჯი "pre-loved" ეტიკეტით გადაყიდოს. Ikea UK & Ireland-ის მდგრადი განვითარების განყოფილების მთავარი ოფიცერი პიტერ ჯელკები აცხადებს, რომ საცალო ვაჭრობის ეს კომპანია ცდილობს, მდგრადი ცხოვრების მიმართულება უფრო მიმზიდველი და ხელმისაწვდომი გახადოს.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ გამოსყიდვის საშუალებით ცირკულარული მოხმარება ძირითად მიმართულებად გადავაქციოთ. მომხმარებელს უფრო გაუადვილდება ავეჯის შეძენა, დაინტერესებული იქნება მისი მოვლით და საშუალება ექნება, ნებისმიერ დროს დააბრუნოს ცირკულარული მოხმარებისთვის,“ - აცხადებს პიტერ ჯელკები.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ