საქართველოში წიწიბურას მარაგი საკმარისია და დეფიციტის საფრთხე არ არსებობს - გიორგი ხანიშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ხანიშვილის განცხადებით, საქართველოში წიწიბურას მარაგები საკმარისია და დეფიციტის საფრთხე არ არსებობს. ამ განცხადებით მინისტრის მოადგილე რუსეთის მიერ წიწიბურის ექსპორტის აკრძალვის ფაქტს გამოეხმაურა და განმარტა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოსთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

„რა თქმა უნდა, საერთაშორისო ბაზარზე ცვლილება საქართველოს შიდა ბაზარზეც ახდენს გავლენას, მითუმეტეს, იმ პროდუქციაზე, რომელიც ჩვენთან არ იწარმოება. რუსეთის შესაბამისი გადაწყვეტილება წიწიბურას და ბურღულეულზე ექსპორტის აკრძალვის შესახებ, ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თავისუფალი საბაზრო პრინციპების არსებობა, იმპორტიორებს საშუალებას აძლევს, საერთაშორისო ბაზრების სხვა მომწოდებლებთან დაამყარონ კავშირები. ვფიქრობთ, იმპორტიორები თავს გაართმევენ მათ წინაშე მდგარ ამოცანას და ბაზარზე შენარჩუნებული იქნება სტაბილური მდგომარეობა,“- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მთავრობამ წიწიბურა შიდა ბაზრისთვის აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალში დაამატა და მისი საზღვარგარეთ ექსპორტი დროებით აკრძალა. მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ აკრძალვა 2021 წლის 5 ივნისიდან ამოქმედდება და ძალაში 31 აგვისტომდე დარჩება.

დოკუმენტის თანახმად, გამონაკლისის დაშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ წიწიბურა ჰუმანიტარული დახმარების ნაწილია.