„შესაძლოა, ალტერნატიული ბაზრებიდან მოწოდებული პროდუქტი შედარებით ძვირი იყოს, მაგრამ თუ წიწიბურა რამდენიმე ბაზრიდან შემოვა, ფასი დაბალანსდება"

ექსპერტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, რუსეთი წიწიბურის წარმოებაში მონოპოლისტი არაა, ამიტომ მისი მხრიდან ექსპორტის აკრძალვა პრობლემა არ არის.

როგორც ცუცქირიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაძლოა, ალტერნატიული ბაზრებიდან მოწოდებული პროდუქტი შედარებით ძვირი იყოს, მაგრამ თუ წიწიბურა რამდენიმე ბაზრიდან შემოვა, ფასი დაბალანსდება.

„რუსეთს სხვა დროსაც ჩაუკეტავს გარკვეული პროდუქტების ექსპორტი, თუმცა ყოველთვის ხდება ალტერნატიულ ბაზრებზე გასვლა. მაგალითად, ყაზახეთის და უკრაინის ბაზარზე, ამიტომ აქ პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან რუსეთი არ არის მონოპოლისტი. მონოპოლისტი რომ იყოს და სხვა ქვეყანა არ აწარმოებდეს, პრობლემა იქნებოდა. შეიძლება სხვა ბაზრიდან მოწოდებული შედარებით ძვირი იყოს, მაგრამ მოთხოვნა-მიწოდებაზეა მაინც ყველაფერი დამოკიდებული და თუ რამდენიმე ბაზრიდან შემოვა, ეს საკითხიც დაბალანსდება“,- განაცხადა ცუცქირიძემ „კვირის“ პრესკლუბში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მთავრობამ წიწიბურა შიდა ბაზრისთვის აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალში დაამატა და მისი საზღვარგარეთ ექსპორტი დროებით აკრძალა. მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ აკრძალვა 2021 წლის 5 ივნისიდან ამოქმედდება და ძალაში 31 აგვისტომდე დარჩება.

დოკუმენტის თანახმად, გამონაკლისის დაშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ წიწიბურა ჰუმანიტარული დახმარების ნაწილია.