Holiday Inn-ის შემოსავალი ზაფხულის სეზონის წინ სულ უფრო იზრდება

აშშ-ში სასტუმროების ქსელ Holiday Inn-ის შემოსავლები ზაფხულის სეზონის წინ სულ უფრო იზრდება. ამის შესახებ განცხადება Holiday Inn-ის მფლობელმა InterContinental Hotels (IHG)-მა დღეს გაავრცელა. მარტის მაღალი შემოსავალი და წინასწარი დაჯავშნები უახლოეს თვეებში Holiday Inn-ის შემოსავლების კიდევ უფრო მატებაზე მიუთთებს.

2020 წელს IHG-მა მსოფლიოს მრავალთვიანი შეზღუდვების გამო წლიური ზარალი განიცადა და თავის 200-წლიან ისტორიაში ის ყველაზე რთულ წლად დაასახელა.

„მართალია, არასტაბილურობის რისკი წლის ბოლომდე ძალაში რჩება, მაგრამ უახლოეს თვეებში გაუმჯობესების ნიშნები, წინასწარი დაჯავშნების სახით, აშკარად შეინიშნება,“ - აცხადებს მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ქეით ბარი. ე.წ. ხელმისაწვდომი სასტუმრო ნომრის შემოსავალი (RevPAR) დარგის ეფექტიანობის ზოგადი მაჩვენებელია. RevPAR-ის მაჩვენებლით, InterContinental Hotels შემოსავალი 31 მარტს დასრულებულ პირველ კვარტალში 50,6%-ით შემცირდა. თუმცა კომპანია ამას უკეთეს მაჩვენებელს უწოდებს, რადგან წლის ბოლო კვარტალში მისი შემოსავალი 53,2%-ით იყო შემცირებული.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინეთში კომპანიის მარტის შემოსავლები 288,6%-ით, ხოლო სასტუმრო ნომრის შემოსავალი ანუ RevPAR - 20%-ით გაიზარდა. InterContinental Hotels ლონდონის წამყვანი საფონდო ბირჟის, Financial Times Stock Exchange (FTSE)-ის ინდექსის საიშია და Crowne Plaza-ს ბრენდის მფლობელია. მთელი მარტის განმავლობაში კომპანიას ძირითად ბაზარზე, აშშ-სა და ჩინეთში მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა ჰქონდა.

InterContinental Hotels თვის განცხადებაში იმასაც აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს 600 მლნ ფუნტი სტერლინგი (834,30 მლნ დოლარი) დაუბრუნა, რომელიც გასულ წელს პანდემიასთან დაკავშირებით სამთავრობო დახმარების პროგრამით მიიღო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ