სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული საწარმოების პრეზენტაცია გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული საწარმოების პრეზენტაცია გამართა.

როგორც სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გამართულ ღონისძიებაზე აღინიშნა, სამი სახელმწიფო პროგრამის - "შეღავათიანი აგროკრედიტი", "სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების", "აწარმოე საქართველოს" პროგრამების ფარგლებში, სულ ხუთი ახალი საწარმო შეიქმნა. უწყების ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში, სულ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცა.

"შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტის ფარგლებში უკვე 660 მილიონი ლარის ოდენობის 25241 სესხი გაიცა და 89 ახალი საწარმო დაფინანსდა. გაფართოვდა და გადაიარაღდა 580, დაფინანსებულია სოფლის მეურნეობის 35 დარგი, ღვინის წარმოება, მესაქონლეობა, მეფრინველეობა, მეთევზეობა, მეფუტკრეობა, სასათბურე მეურნეობა, თხილის, რძის გადამუშავება, პროდუქტის შესანახი საწყობები, მარცვლეულის საშრობები.

რაც შეეხება "სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი წარმოების თანადაფინანსების" პროექტს, რომლის განხორციელებაც სოფლის მეურნეობის პროდუქტების მართვის სააგენტომ 2014 წლის თებერვალში დაიწყო, მის ფარგლებში 11 თვეში დამტკიცდა 16 პროექტი, 11 ბიზნესპროექტი კი განხორციელების ეტაპზეა, პროექტების ჯამური ინვესტიცია 22 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. პროექტის განხორციელება შესაძლებელია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, ხუთი ქალაქის გარდა, ესენია: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი.

პროექტს "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში კი, რომლის განხორციელებაც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად 2014 წლის ივნისში დაიწყო, გაიცა 8 სესხი 8 საწარმოსთვის, აქედან 5 ახალი საწარმოა, დაფინანსდა მეცხოველეობა, მეფრინველეობა, ზღვის პროდუქტების გადამუშავება, სასათბურე მეურნეობა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში დაფინანსებულ საწარმოებში დასაქმებულია 10 ათასზე მეტი ადამიანი. "ათი ათასზე მეტი სამუშაო ადგილია მობილიზებული ამ პროექტების ფარგლებში, ბუნებრივია, ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, ვახორციელებთ კიდევ ახალ ცვლილებებს, რომელთა ნაწილი უკვე შევიდა ძალაში, დიდი ნაწილი კი 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. შეზღუდვები იყო ლიმიტების ნაწილში, კერძოდ, განსაზღვრული იყო პროექტების მაქსიმალური ღირებულება, რაც მოიხსნა. ასევე შეზღუდვები იყო ზოგიერთ რაიონთან დაკავშირებით, უფრო მაღალი აქტივობის რაიონები საერთოდ იყო ამოღებული ამ პროექტებიდან და ვფიქრობთ, რომ ეს არ უნდა იყოს ასე და თანაბარი კონკურენტული გარემო უნდა შევქმნათ ყველა რაიონისთვის", - განუცხადა ჟურნალისტებს პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ.