McDonald’s-ის სწრაფი კვების რესტორნების გაყიდვები შემცირდა

მსოფლიო მასშტაბით McDonald’s-ის სწრაფი კვების რესტორნების გაყიდვები შემცირდა.

როგორც McDonald’s-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, ნოემბრის თვეში კომპანიის გაყიდვები წინა წელთან შედარებით, 2,2 პროცენტით შემცირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკული სწრაფი კვების ქსელის გლობალური გაყიდვები ივლისიდან მოყოლებული ვარდნას განიცდის.

ანგარიშის თანახმად, ნოემბერში McDonald’s-ს გაყიდვების ყველაზე დიდი ვარდნა სამშობლოში - ამერიკაში ჰქონდა და ამ მაჩვენებელმა მინუს 4,6 პროცენტი შეადგინა. McDonald’s-ის სწრაფი კვების რესტორნების გაყიდვებმა დაბალი ტემპი აჩვენა გერმანიასა და საფრანგეთშიც. საერთო სურათს ვერაფერი უშველა დიდ ბრიტანეთში გაყიდვების ზრდამ. რაც შეეხება მსოფლიოს სხვა რეგიონებს - აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში McDonald’s-ის პროდუქციის გაყიდვები მთლიანობაში 4 პროცენტით დაეცა, რაც სავარაუდოდ ჩინეთში McDonald’s-ის წინააღმდეგ ატეხილ სკანდალს უკავშირდება. ცოტა ხნის წინ ჩინეთში McDonald’s-ის ქათმისა და საქონლის ხორცის ხარისხი მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. თუმცა, გაყიდვების მხრივ, ნოემბერი წარმატებული თვე გამოდგა კანადასა და ლათინურ ამერიკაში.

McDonald’s-ის გაყიდვების შემცირებას ექსპერტები მზარდ კონკურენციას უკავშირებენ. ”ბიბისის” ცნობით, ნიუ იორკში McDonald’s-ის აქციების ფასი 3,8 პროცენტით შემცირდა და 92,61 დოლარში შეადგინა. აგვისტოში ჰიგიენური ნორმების დარღვევის მიზეზით მოსკოვში McDonald’s-ის სწრაფი კვების რამდენიმე რესტორანი დაიხურა.

McDonald’s-ს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 35 ათასზე მეტი რესტორანი აქვს, რომლებიც ყოველდღიურად დაახლოებით 70 მილიონ მომხმარებელს ემსახურებიან.