გაერომ მსოფლიო მშპ-ს ზრდის პროგნოზი 5,4%-მდე გააუმჯობესა

გაერო მსოფლიო ეკონომიკის ზრდას მიმდინარე წელს 5,4%-ით პროგნოზირებს. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ მოკლევადიან ანგარიშში წერია.

2020 წელს მშპ-ს 3,6%-იანი მკვეთრი კლების შემდეგ, მიმდინარე წელს მსოფლიო ეკონომიკა 5,4%-ით გაიზრდება, რაც იანვარში პროგნოზირებულ 4,7%-ზე მეტია.

გაეროს გლობალური ეკონომიკის მონიტორინგის განყოფილების ხელმძღვანელი ჰამიდ რაშიდი აცხადებს, რომ მსოფლიო მშპ-ს ზრდა განპირობებულია აშშ-ისა და ჩინეთის ეკონომიკური აქტივობებით და ზოგადად, მთელს მსოფლიოში ეკონომიკის გამოცოცხლებით.

„ვაჭრობის მოცულობა უკვე პანდემიამდელ დონეზეა,“ - განაცხადა რაშიდმა. მისი თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ეკონომიკის აღდგენა არათანაბარია: მაგალითად, ევროპაში ეკონომიკური მაჩვენებლები უფრო მოკრძალებულია.

კოკა კვირკველია