იტალიაში Google 100 მილიონი ევროთი დააჯარიმეს

იტალიაში ამერიკული კომპანია Google, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გამო, 100 მილიონი ევროთი დააჯარიმეს. ასეთი გადაწყვეტილება ქვეყნის ანტიმონოპოლიური სამსახურის კონკურენციის დაცვის სამმართველომ მიიღო, რაც მის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზით გახდა ცნობილი.

„ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა, ევროკავშირის შეთანხმების 102-ე მუხლის დარღვევის გამო, კომპანიები Alphabet Inc., Google LLC და Google Italy S.r.l. 100 მილიონი ევროთი დააჯარიმა,“ - წერია განცხადებაში. ჯარიმა მოყვა ინტერნეტ-გიგანტის უარს, განეთავსებინა ციფრულ მაღაზია Google Play-ზე აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს ელექტრომობილებისთვის დამტენი სადგურების მოძიებაში დაეხმარებოდა.

„ოპერაციულ სისტემა Android-ზე და ინტერნეტ-მაღაზია Google Play-ზე კომპანიას აქვს დომინანტის როლი, რომელიც მას საშუალებას აძლევს, აკონტროლოს აპლიკაციებზე მომხმარებლების წვდომის პროცესი, იტალიაში კი სმარტფონების 75% ანდროიდზე მუშაობს,“ - წერია დოკუმენტში.

კოკა კვირკველია